წიტაიშვილის საგოლე პასი - გრანადა სეგუნდაში დარჩა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში „გრანადამ“ სანტანდერში ადგილობრივ „რასინგთან“ 1:2 წააგო, ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა და პლეი ოფის მიღმა დარჩა. უკანასკნელი ტურის წინ ანდალუსიურ კლუბს მიზნის მისაღწევად ასეთი პირობა ჰქონდა - თავად უნდა დაემარცხებინა „რასინგი“, ხოლო პარალელურად მიმდინარე მატჩში „ალმერიას“ წაეგო, თუმცა არც ერთი მოხდა და არც მეორე და გიორგი წიტაიშვილი და მისი თანაგუნდელები სეგუნდადივიზიონში დარჩნენ.
არადა, ყველაფერი ისე დაიწყო, „გრანადა“ და მისი გულშემატკივრები უკეთესს ვერ ინატრებდნენ - პირველივე წუთზე გიორგი წიტაიშვილმა მარჯვენა ფლანგზე პასის მიღებისთანავე ბურთი კარგ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს გადააწოდა და აბდერაჰმანე რებაჩმა ანგარიში გახსნა.
თუმცა, ამის შემდეგ მასპინძლებმა მდგომარეობა გამოასწორეს და ჯერ მე-11 წუთზე ხუან არანამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში არბიტრმა „გრანადას“ ფეხბურთელი კარლოს ნევა გააძევა. წიტაიშვილი მთავარმა მწვრთნელმა 74-ე წუთზე შეცვალა და საბოლოოდ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა ანდალუსიელებმა ბოლომდე ვერ გაძლეს და 96-ე წუთზე მარკო სანგალისგან გოლი გაუშვეს.
გიორგი წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ის წლევანდელი სეზონი 7 გოლითა და 4 საგოლე პასით დაასრულა, ხოლო „გრანადა“ როგორც უკვე გითხარით, მეშვიდე პოზიციაზე გავიდა. გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტესთან“ ერთად, პრიმერადივიზიონში „ელჩე“ დაბრუნდა, ხოლო „ოვიედო“, „მირანდესი“, „რასინგი“ და „ალმერია“ მესამე უძლიერესის ვინაობას პლეი ოფში გაარკვევენ.