9-წლიანი ბერგამოული კარიერის შემდეგ - გასპერინიმ რომა ჩაიბარა
„რომას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. ცნობილი იტალიელი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში იტალიის დედაქალაქში ჯან პიერო გასპერინი ჩავა და „ჯალოროსისთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ანაზღაურების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, მთავარი მიზანი კი გამოცდილი სპეციალისტისთვის თავდაპირველად გუნდის ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება, ხოლო შემდეგ სკუდეტოს მოპოვება იქნება.
სხვათა შორის, გასპერინის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში „ატალანტამ“ მესამე ადგილი დაიკავა, რაც ბერგამოელებს გაისად ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ასპარეზობის საშუალებას მისცემს, ხოლო 67 წლის სპეციალისტის ახალი გუნდი „რომა“ მხოლოდ მეხუთე პოზიციაზე გავიდა და ევროპა ლიგაზე თამაშით შემოიფარგლება. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს ჯან პიერო მოიხიბლა იმ პროექტით, რომელიც „მგლების“ მეპატრონეებმა შესთავაზეს და მათ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა. ის ამ პოსტზე კლაუდიო რანიერის ჩაანაცვლებს, რომელმაც სამწვრთნელო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ცნობისათვის, მისი 9-წლიანი მუშაობის მანძილზე, ჯან პიერო გასპერინის ხელმძღვანელობით „ატალანტამ“ ყველა ტურნირზე გამართული 439 მატჩიდან 228 მოიგო, 101 ფრედ დაასრულა და 110 მარცხი განიცადა. შარშანდელ სეზონში კი, ბერგამოს კლუბმა არსებობის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგა მოიგო.