შოთა ხაბარელი
Aa
Aa

„ბექაურის ანალოგი მსოფლიოში არ მოიძებნება“ - ხაბარელი ქართველების შანსებზე

უკანასკნელი წლების განმავლობაში როგორც ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე წარმატებული ასპარეზობით ქართველმა ძიუდოისტებმა თამასა იმდენად მაღლა ასწიეს, რომ მათგან თითოეულ წონით კატეგორიაში, ნებისმიერი ტურნირის დაწყების წინ, უმაღლესი სინჯის მედლებს მოელიან. 13-დან 20 ივნისის ჩათვლით უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და მოლოდინი და განწყობა ამჯერადაც ოპტიმისტურია.

ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ნაკრების წევრების ამჟამინდელი ფორმისა და კონდიციების შესახებ, ყველაზე კარგად გუნდის მთავარ მწვრთნელსა და მისი შტაბის წევრებს მოეხსენება. თუმცა, ასევე საინტერესოა სხვა სპეციალისტების მოსაზრებები. სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება შოთა ხაბარელი, რომელიც ქართული ძიუდოს ნამდვილი ლეგენდაა, რადგან ოლიმპიური თამაშები როგორც სპორტსმენის, ასევე მწვრთნელის ამპლუაში აქვს მოგებული. სწორედ ის იყო ნაკრების დამრიგებელი 2004 წლის ათენის თამაშებზე, როდესაც ზურაბ ზვიადაურმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. Crystalsport-თან ინტერვიუში ხაბარელმა მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საინტერესოდ ისაუბრა და ქართველი ძიუდოისტების შანსები თითოეულ წონით კატეგორიაში მიმოიხილა.

შოთა ხაბარელი

გიორგი სარდალაშვილი ძალიან ნიჭიერი ძიუდოისტია, რომელმაც ახალგაზრდულ ასაკში უკვე შეძლო და როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. იყო პერიოდი, როდესაც გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ რთული დრო უკან მოიტოვა და ყველას დაუმტკიცა, რომ მენტალურადაც ძლიერია სპორტსმენია. ვფიქრობ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბუდაპეშტიდან რომელიმე სინჯის მედლით დაგვიბრუნდება.

ვიცი, რომ ბოლო პერიოდში ვაჟა მარგველაშვილის გამოსვლით ბევრი არის უკმაყოფილო და მან პოზიციები მართლაც დათმო, მაგრამ რატომღაც მისი იმედი ჯერ კიდევ მაქვს და მგონია, რომ გარკვეული წარმატების მიღწევა შეუძლია. ყოველ შემთხვევაში 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მასზე უკეთესი ძიუდოისტი არ გვყავს.

33 წლის ლაშა შავდათუაშვილის შემართებითა და პროფესიონალიზმით აღტაცებული ვარ - ოთხი-ხუთი წლის წინ ბევრი აცხადებდა, რომ ის ძველ ფორმას ვეღარ დაიბრუნებდა, მაგრამ ლაშამ ყველას დაუმტკიცა, რომ ისევ ახალგაზრდულად გამოიყურება და მისი იმედი ნებისმიერ ტურნირზე შეგვიძლია გვქონდეს. ყოველ შემთხვევაში შავდათუაშვილი მოსაგებ შეხვედრას არასოდეს დათმობს.

ბოლო პერიოდში სამხრეთ კორეელი და იაპონელი სპორტსმენების სახით ტატო გრიგალაშვილს 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კონკურენტები მოუმრავლდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ბელგიელი მატიას კასე და რუსი ტიმურ არბუზოვი, რომელთანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. თუმცა, ტატო ნამდვილი ფენომენია და მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდება.

მართალია, წინა ორ ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა და ჯერჯერობით ლუკა მაისურაძე სასურველ ფორმაში არ არის, მაგრამ 90 კილოგრამში მასსა და ლაშა ბექაურს შორის კიდევ ერთ ფინალს ველოდები მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბექაურზე საუბარი ზედმეტია - განწყობა, ტექნიკა, შემართება. ვფიქრობ, რომ არამხოლოდ საქართველოში, მისი ანალოგი მთელ მსოფლიოში არ მოიძებნება.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ყოველთვის ძლიერი ძიუდოისტები ჰყავდა, თუმცა ილია სულამანიძე ყველა მათგანისგან გამოირჩევა. რაღაცნაირად, თავისებური სტილი და ტაქტიკა აქვს, რომელსაც ვერც ერთი ქვეყნის ძიუდოს სკოლას ვერ მიაწერ. ილია საოცრად ძლიერი ძიუდოისტია და ზელიმ კოცოევი მას რომ არაფრით აღემატება, ეს ევროპირველობაზეც დაამტკიცა. პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში ის არა კოცოევთან, არამედ საკუთარ თავთან დამარცხდა.

მძიმე წონაში გურამ თუშიშვილს ტრადიციულად ურთულესი მეტოქეები ეყოლება, მაგრამ ის ნამდვილი ლომკაცია, რომელიც არაფერს უშინდება და თუ ოდნავ მაინც გაუმართლებს, გურამისგან უმაღლესი სინჯის მედალიც მოსალოდნელია.

ცნობისათვის, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ცამეტ წონით კატეგორიაში იასპარეზებს და ცამეტიდან ორ წონაში, 81-სა (ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი), 90-ში (ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე) ორი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იპონი 9 წამში! - ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია
იპონი 9 წამში! - ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია