Aa
Aa

"შავო ნეხვო" - ზღვარსგადასული უხეშობა და რასიზმი ბარსელონურ დერბიში

ლა ლიგის 22-ე ტურში კატალონიური დერბი შედგა, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა.

თავსხმა წვიმის ფონზე, მატჩი საკმაოდ არასანახაობრივი და უხეში გამოდგა. "ესპანიოლისა" და "ბარსას" დერბის უხეშობა არც არასდროს აკლდა, თუმცა ამ შეხვედრის წინ განსაკუთრებული მოტივაცია იყო.

საქმე იმაშია, რომ ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალში "ბარსამ" თანაქალაქელები ორი მატჩის ჯამში 2-1 დაამარცხა და ტურნირს გამოთიშა.

პირველი შეხვედრა "ესპანიოლმა" საკუთარ მოედანზე 1-0 მოიგო და ეს გამარჯვება საკმაოდ ემოციურადაც აღნიშნა, რამაც "ბარსას" რამდენიმე მოთამაშე გააღიზიანა.

"კამპ ნოუზე" 2-0-ის მოგების შემდეგ, ხერარდ პიკემ და სერხიო ბუსკეცმა გამომწვევი კომენტარები გააკეთეს და მეტოქეს გარეუბნის გუნდი უწოდეს.

გუშინ გამართულ დერბიში, რომელიც ამჯერად ლა ლიგის ეგიდით გაიმართა, კვლავ "ესპანიოლი" დაწინაურდა და "ბლაუგრანამ" 82-ე წუთზე, მასპინძელთათვის საძულველი პიკეს გოლის წყალობით გაათანაბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაპირისპირება გასახდელშიც გაგრძელდა, რომელიც მსაჯმაც დაადასტურა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ვერც მან მოიპოვა.

"ბარსას" უკანახაზელმა სამუელ უმტიტიმ, მატჩის დასრულების შემდეგ თანაგუნდელებს უთხრა, რომ შეხვედრის მსვლელობისას სერხიო გარსიამ ის "შავ ნეხვად" მოიხსენია.

აღელვებული ფრანგი ფეხბურთელი საბოლოოდ თანაგუნდელებმა დაამშვიდეს.

ვინც მატჩს თვალი ადევნა დაინახავდა, რომ "ესპანიოლის" მოთამაშეები მეტოქეს მართლაც დაუნდობლად უვარდებოდნენ ფეხებში. ერთ-ერთ ეპიზოდში სწორედ სერხიო გარსია, სამუელ უმტიტის ზედმეტად უხეშად ეთამაშა, თუმცა ძლიერი წვიმისა და გაფუჭებული მინდვრის საფარის გამო, "ბარსას" მცველი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

ჯერჯერობით უცნობია, ხსენებულ შეხვედრაში დაფიქსირებულ ინციდენტებს გამოიძიებს თუ არა ლა ლიგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები