მესამე მეოთხედში 16 ქულას აგებდნენ | ნიქსმა პეისერსს სტუმრად მოუგო
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, სიტუაცია დაიძაბა. „ინდიანა პეისერსმა“ სტუმრად გამართული ორივე შეხვედრა მოიგო და შეეძლო, „ნიუ იორკ ნიქსთან“ სერიაში 3:0 დაწინაურებულიყო, მაგრამ ბრწყინვალე შანსი ვერ გამოიყენა.
„ინდიანასა“ და „ნიუ იორკის“ მესამე თამაში „პეისერსის“ საშინაო არენაზე გაიმართა. მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმი 58:45 მოიგეს, მესამე მეოთხედში კი 16-ქულიანი უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ ბოლო პერიოდი ჩააგდეს. „ნიქსმა“ გადამწყვეტი მეოთხედი 36:20 მოიგო და საბოლოოდ, 106:100 იმარჯვა.
„ნიუ იორკის“ რიგებში საუკეთესო კარლ-ენტონი თაუნსი იყო - 24 ქულა, 15 მოხსნა. ჯეილენ ბრანსონმა 23 ქულა დააგროვა. მიკალ ბრიჯისმა - 15. „ინდიანას“ მხრიდან 20 ქულით ტაირიზ ჰალიბერტონი გამოირჩა. მაილს ტერნერმა 19 ქულა გააკეთა, პასკალ სიაკამმა - 17.
ცნობისთვის, „ინდიანა“ სერიას 2:1-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას ისევ საკუთარ კედლებში გამართავს. მატჩი 28 მაისს არის ჩანიშნული და თბილისის დროით, 04:00-დან დაიწყება.