შეთანხმებასთან ახლოს არიან - დე ბრუინი და დევიდი ნაპოლიში
კევინ დე ბრუინი „ნაპოლიში" თამაშს დათანხმდა.
იტალიელი ინსაიდერის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბელგიელმა ნახევარმცველმა ნეაპოლელებს აცნობა, რომ მათ რიგებში თამაშის ვარიანტი მას და მის ოჯახს ხიბლავს.
ახლა მხარეები თანამშრომლობის ფინანსურ პირობებზე უნდა შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ბელგიელს საკმაოდ დიდი მოთხოვნები აქვს, ამიტომ ბევრი რამ „ნაპოლის“ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება ჯონათან დევიდს, ის და „ნაპოლი“ სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ამის შესახებ ბელგიიდან Sky Sport-ის ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს. მისი ინფორმაციით, მხარეებმა შესაძლოა უახლოეს დღეებში შეთანხმებას მიაღწიონ და ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდეს.
„პარტენოპეი“ აქტიურად მუშაობს ლილის ფეხბურთელთან, რომელსაც კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, რის შემდეგაც შესაძლოა მომდევნო სეზონში რომელელუ ლუკაკუს გვერდით ვიხილოთ. ჯაკომო რასპადორისთან როტაციაში, იმ შემტევ ხაზში, რომელიც სავარაუდოდ კვლავ ანტონიო კონტეს ექვემდებარება. თუმცა კონტეს ჯერ თავადაც აქვს მისაღები გადაწყვეტილება - დარჩეს ნეაპოლში თუ სკუდეტოს მოპოვების შემდეგ ახალი გამოწვევებისკენ გაემართოს.