ლამინ იამალი
Aa
Aa

ლაპორტა გუნდს იამალის გარშემო აწყობს - ორი ლა ლიგა 17 წლის ასაკში

წლევანდელი სეზონის ფინიშს ლამინ იამალი არაჩვეულებრივ ფორმაში ხვდება - „ბარსელონა“ 17 წლის ვარსკვლავი მთელი სეზონი სტაბილურად მაღალ დონეზე ირჯებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში მოედანს საგოლე მოქმედების გარეშე პრაქტიკულად არ ტოვებს და გუნდის ნამდვილ ლიდერად ყალიბდება. „ესპანიოლთან“ (0:2) მოგებული საჩემპიონო მნიშვნელობის დერბის შემდეგ, „ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ იამალი ნამდვილი საფეხბურთო გენიოსია, რის გამოც ისინი აპირებენ გუნდის თამაში მის გარშემო ააწყონ, როგორც თავის დროზე ეს რონალდინიოსა და ლიონელ მესის შემთხვევაში გააკეთეს.

რაც შეეხება თავად ლამინს, მან წლევანდელი სეზონის შეფასების დროს დიდი მადლობა გადაუხადა „ბარსელონას“ ყოფილ დამრიგებელს ჩავი ერნანდესს, რადგან სწორედ მან მისცა 15 წლის ასაკში თავის გამოჩენის საშუალება და მის მთავარ გუნდში ინტეგრაციას ხელი მაქსიმალურად შეუწყო. იამალზე ისაუბრა ფრენკი დე იონგმაც და აღნიშნა, რომ მისი თანაგუნდელი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და თუ კარიერის ბოლომდე ასეთი თავმდაბალი იქნება, ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეობაზე პრეტენზიას აუცილებლად განაცხადებს. ამჟამად იამალის ანგარიშზე ლა ლიგაში 13 საგოლე პასია, რითაც ჩემპიონატში საუკეთესოა, ევროპის ტოპ 5 ლიგაში კი მხოლოდ ორ ფეხბურთელს, მოჰამედ სალაჰსა (18) და მაიკლ ოლისეს (14) ჩამორჩება.

წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე 18 გოლისა და 22 საგოლე პასის ავტორი 17 წლის ლამინე იამალი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. მთლიანად კარიერაში კი ორი ლა ლიგის გარდა, მის კოლექციაში ქვეყნის თასი და სუპერთასია, ხოლო ესპანეთის ნაკრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლამინ იამალის შედევრი | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონია
ლამინ იამალის შედევრი | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონია