„მახაჩევი შევისწავლეთ და ვფიქრობ დავანოკაუტებთ“ - მადალენას მწვრთნელი ისლამზე
ყველა წონითი დივიზიონების გათვალისწინებით UFC-ის რეიტინგის ლიდერმა ისლამ მახაჩევმა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული სურვილი აისრულა და მსუბუქიდან ქვესაშუალო წონით დივიზიონში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე მას საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენასთან მოუწევს, რომელმაც ტიტული რამდენიმე კვირის წინ ისლამის ახლო მეგობრის, ბელალ მუჰამადის დამარცხების შედეგად მოიპოვა. გულშემატკივართა უმრავლესობის მოსაზრებით, ამ ბრძოლის ფავორიტი დაღესტნელი მებრძოლი უნდა იყოს, თუმცა ასე არ ფიქრობს მადალენას მწვრთნელი ბენ ვიკერსი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მადალენა-ბელალის ჩხუბის დამთავრებისთანავე, სახლში, კანადაში დავრჩი და შესაბამისად, საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. ვისარგებლე შემთხვევით და ვუყურე მახაჩევის რამდენიმე ჩხუბს, მათ შორის დასტინ პორიესთან გამართულ დაპირისპირებას.
აქამდე ისლამს პოტენციური მეტოქის ჭრილში არ განვიხილავდი და უბრალოდ მისი ბრძოლებით ვტკბებოდი, რადგან ის არაჩვეულებრივი მებრძოლია. თუმცა, ახლა სხვა თვალით შევხედე და მინდა გითხრათ, რომ მადალენა მას დაანოკაუტებს. იცით რატომ? მახაჩევი არ არის მიჩვეული დარტყმებით ზიანის მიღებას, მისთვის უცხოა რთული ბრძოლები და ღირსეული მეტოქეები, რომლებიც მასზე ზეწოლას მოახდენენ. ჯეკი კი ამას შეძლებს, რადგან ბოლოს და ბოლოს მასზე უფრო მძიმეა და ისლამი ფიზიკური მონაცემებით ვერ დაჩაგრავს“.
შეგახსენებთ, რომ ქვესაშუალო წონაში გადანაცვლების შემდეგ, ისლამ მახაჩევმა მსუბუქ წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა, რომლისთვისაც 29 ივნისს, ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.