დუესთან ერთად - დავითაშვილი ლიგა 1-ის აპრილის რჩეულებში
წამყვანი ფრანგული სპორტული მედიის წარმომადგენლები საფრანგეთის ლიგა 1-ის წლევანდელ გათამაშებაში „სენტ ეტიენის“ ერთადერთ ნათელ წერტილად ზურიკო დავითაშვილს მიიჩნევდნენ და გუშინ, „მონაკოს“ კარში გატანილი ფენომენალური გოლის შემდეგ, მათი მოსაზრებები კიდევ უფრო განმტკიცდა. ავტორიტეტულმა გამოცემა WhoScored-მა, რომელიც ანალიტიკურ მასალას ყოველი თვის დასრულების შემდეგ აქვეყნებს, აპრილში 24 წლის ქართველი შემტევის უმაღლესი დონის ასპარეზობას გაუსვა ხაზი.
რას წერენ ზურიკოზე
გასულ ზაფხულს „ბორდოდან“ სულ რაღაც 6 მილიონ ევროდ დამატებული დავითაშვილის ანგარიშზე უკვე 16 საგოლე მოქმედებაა (9 გოლი, 7 საგოლე პასი), რითაც არ შეიძლება არ აღფრთოვანდე. მისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი საშემოდგომო ეტაპი იყო, როდესაც „ოსერთან“ ჰეთ-თრიკი, „ანჟერთან“ კი დუბლი შეასრულა და საშუალო შეფასების სახით, ათბალიანი სისტემით 8,12-ს იღებდა.
არანაკლებ დასამახსოვრებელი გამოდგა აპრილიც, რომლის დროსაც გამართული ოთხი მატჩიდან ორში მან გადამწყვეტი როლი ითამაშა. დავითაშვილსა და პსჟ-ს ვარსკვლავს, დეზირე დუეს ათბალიანი სისტემით გასულ თვეში თითქმის იდენტური მაჩვენებელი ჰქონდათ და როგორც ერთს, ასევე მეორეს თავიანთი გუნდების წარმატებულ გამოსვლაზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენა შეეძლოთ.
ცნობისათვის, გატანილი გოლების რაოდენობით საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში 9 ბურთის ავტორი ზურიკო თანაგუნდელებიდან მხოლოდ ლუკა სტასენს (12) ჩამორჩება, 7 საგოლე პასით კი „სენტ ეტიენის“ საუკეთესო ასისტენტია.