ზურიკოს შედევრი და სენტ-ეტიენის მორიგი მარცხი - მწვანეების მდგომარეობა დამძიმდა
ზურიკო დავითაშვილმა არამხოლოდ „სენტ ეტიენის“, არამედ მთლიანად საფრანგეთის ლიგა 1-ის წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, თუმცა მისი ფენომენალური გასროლა ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ „მწვანეებს“ თუნდაც ქულის ასაღებად არ ეყოთ და ისინი საკუთარ სტადიონზე „მონაკოსთან“ 1:3 დამარცხდნენ. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა თავი 65-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ის და მისი თანაგუნდელები „მონაკოსთან“ მინიმალური სხვაობით 0:1-ს მარცხებოდნენ. ზურიკომ საჯარიმოს მისადგომებთან თანაგუნდელისგან პასის მიღებისთანავე ბურთი უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით მოათავსა ფილიპ კონის კარში.
ქართველის გოლს მასპინძლებისთვის წესით და რიგით, ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა მოეტანა, თუმცა პირიქით მოხდა მათ ჯერ ცვლილებაზე ხუთი წუთის შესული ალ მუსრატისგან, შემდეგ კი ფოლარინ ბალოგუნისგან მიიღეს ბურთი, რომელსაც გოლი ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი.
გატანილი ბურთის გარდა, დავითაშვილი 90 წუთის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო - საკუთარ გუნდში ათბალიანი სისტემით საუკეთესო შეფასება 7,7 მეათედი დაუწერეს და პასები 85-პროცენტიანი (27-დან 23) გაანაწილა. ზურიკომ თანაგუნდელები რამდენჯერმე გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე და ერთხელ თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.
ლიგა 1-ის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „სენტ ეტიენი“ 27 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლაში „მწვანეების“ მთავარი კონკურენტები ხვალ ითამაშებენ - „ანჟერი“ სტუმრად „ნანტს“ შეხვდება, ხოლო „ლე ავრი“ გასვლაზე „ოსერთან“ ითამაშებს. რაც შეეხება მიმდინარე სეზონში 9 გოლისა და 7 საგოლე გადაცემის ავტორ ზურიკო დავითაშვილსა და მის თანაგუნდელებს, მათ დარჩენილ ორ ტურში სტუმრად „რეიმსთან“ და შინაურ კედლებში „ტულუზასთან“ მოუწევთ დაპირისპირება.