„ეს მხოლოდ მე და ილიას შეგვიძლია“ - ცარუკიანმა მახაჩევზე ისაუბრა
არმან ცარუკიანმა იანვარში ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლიდან ჩახსნის გამო, UFC-ის აღმასრულებელ დირექტორთან, დენა უაითთან ურთიერთობა როგორ ჩანს საბოლოოდ გაიფუჭა. შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ სომეხ მებრძოლს საჩემპიონო ბრძოლამდე მისვლისთვის საკუთარი სიძლიერის ხელმეორედ დამტკიცება მოუწევს.
თუმცა, როგორც არმანს ექცევიან, ეს უკვე აშკარად გადაჭარბებული სიმკაცრე და უსამართლობაა, რასაც ხაზი თავად ცარუკიანმაც გაუსვა. თუმცა, სანამ საკუთარ მდგომარეობაზე დეტალურად ისაუბრებდა, ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიასაც შეეხო.
არმან ცარუკიანი
ილია თოფურიას მსუბუქ წონით დივიზიონში გადმოსვლა კონკურენციის კიდევ უფრო გაზრდის მანიშნებელია, რადგან ის ნამდვილი ჩემპიონია. ილია და მე ვართ ის მებრძოლები, რომელთაც მახაჩევისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ. ჯასტინ გეიჯისთან შეხვედრა კი, ისლამისთვის ფულის იოლად შოვნის შესაძლებლობა იქნება და სხვა არაფერი.
UFC-ის ხელმძღვანელების საქციელით რბილად რომ ვთქვათ, აღშფოთებული ვარ, რადგან მათ მატეუშ გამროტთან ბრძოლა შემომთავაზეს, რაც ჩემი დაუფასებლობაა და სხვა არაფერი. ბოლოს და ბოლოს რეიტინგის ნომერ პირველი ვარ და მეტს ვიმსახურებ.
გავიგე, რომ სატიტულო ბრძოლას ჯერ ვერ ჩავატარებ, მაგრამ პრეტენდენტთან დაპირისპირების ღირსი მაინც ვარ. ვიმსახურებ ტოპ-ხუთეულის რომელიმე ისეთ წევრთან შეხვედრას, რომელსაც მოგებათა გრძელი სერია აქვს. მათ კი მითხრეს, რომ გამროტთან ვიჩხუბო - ის ზედიზედ აგებს ბრძოლებს და ასეთ ფორმაში მყოფ მატეუშთან სარევანშო ჩხუბი არაფერში მჭირდება.
ცარუკიანმა რევანში ახსენა, რადგან 2023 წლის ივნისში მასსა და გამროტს შორის შეხვედრაში მეტოქემ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბოლოს კი არმანი ოქტაგონში ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის აპრილში შევიდა, როდესაც ჩარლზ ოლივეირას არბიტრების გაყოფილი გადაწყვეტილებით აჯობა.