ესპანური მედია: რეალმა როდრიგო და მენდი ტრანსფერზე დააყენა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდის რეალში დიდი ცვლილებები იგეგმება. ფლორენტინო პერესი გუნდის გაძლიერებას გეგმავს და ასევე რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბლანკოსმა ძირითადი შემადგენლობის 2 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.
საუბარი როდრიგოზე და ფერლან მენდიზეა. ამ უკანასკნელის წასვლის შანსი გაცილებით დიდია, რადგან ბოლო წლებში ძალიან მოუკლო და მის თამაშს დაღს გამუდმებული ტრავმებიც ასვამს.
რაც შეეხება ბრაზილიელ გარემარბს, სამეფო კლუბი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ მის სანაცვლოდ 80-100 მილიონიან წინადადებას მიიღებს. სხვა ფასად რეალი როდრიგოს არ შეელევა. ამ მომენტისთვის, რეალი წინადადებების მისაღებად მზად არის.
ასევე გაურკვეველია ხესუს ვალეხოს, ედერ მილიტაოს და დავიდ ალაბას მომავალიც. ვალეხოს სათამაშო დრო საერთოდ არ აქვს და მადრიდული გრანდი ვერაფერში იყენებს. მილიტაო და ალაბა კი ტრავმებისკენ არიან მიდრეკილნი და კლუბი მათ ვერ დაეყრდნობა.
შეგახსენებთ, რომ როდრიგო სამეფო კლუბის ღირსებას 2019 წლიდან იცავს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 267 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 68 გოლი გაიტანა და 50 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება მენდის, ფრანგი უკანახაზელი ბლანკოსს მსგავსად როდრიგოსი, 2019 წელს შეუერთდა. ჯამში 201 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.