გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

გრანადას მარცხი ანდალუსიურ დერბიში - წიტაიშვილი მომდევნო ტურში ვერ ითამაშებს

რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ესპანეთის ლა ლიგა 2-ის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე, თითოეულ ქულას უფრო მეტად ენიჭება ოქროს ფასი. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია „გრანადას“, რომელიც ელიტაში გადასვლისთვის იბრძვის, დღეს, რიგით XXXVIII ტურში, „ლა როსალედაზე“ ანდალუსიურ დერბიში „მალაგასთან“ (0:1) განცდილი მარცხი ძვირად დაუჯდეს.

მასპინძლებმა ერთადერთი და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, გამარჯვების მომტანი ბურთი 28-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც 18 წლის ანტონიო კორდერომ სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა. გრანადელები პირველ ტაიმში ინერტულები იყვნენ, შესვენების შემდეგ კი გააქტიურდნენ, თუმცა გიორგი წიტაიშვილისა და მისი თანაგუნდელების მონდომება თუნდაც ქულის გადასარჩენად, საკმარისი არ აღმოჩნდა.

გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 90 წუთის განმავლობაში მის მიერ გაკეთებული 17 პასიდან 13 ზუსტი აღმოჩნდა, შეასრულა ორი გამამწვავებელი გადაცემა, ათიდან ექვსი ორთაბრძოლა მოიგო და მისი დრიბლინგის ექვსი მცდელობიდან ოთხი წარმატებული იყო. 62-ე წუთზე გიორგი გააფრთხილეს, რითაც ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და მომდევნო ტურში თანაგუნდელების ვერ დაეხმარება.

38 ტურში დაგროვებული 59 ქულით „გრანადა“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა და მეხუთე პოზიციაზე მყოფ „მირანდესს“ ექვსი ქულით ჩამორჩება. შემდეგ მატჩს ანდალუსიური კლუბი გიორგი წიტაიშვილის გარეშე 12 მაისს, საკუთარ სტადიონზე „ეიბართან“ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაიტანა და დაშავდა - არაბულის მეორე გოლი რუმინეთში
გაიტანა და დაშავდა - არაბულის მეორე გოლი რუმინეთში