გაიტანა და დაშავდა - არაბულის მეორე გოლი რუმინეთში
რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გასავარდნი ზონის მორიგი ტურის შეხვედრა ბაჩანა არაბულისთვის წარმატებულიც გამოდგა და მტკივნეულიც - „უნირეას“ 31 წლის ქართველმა ფორვარდმა სტუმრად „ბოტოშანისთან“ (1:1) ფრედ დასრულებულ შეხვედრაში თავი გამოიჩინა, თუმცა გოლის გატანის მომენტში დაშავდა და რამდენად სერიოზული იქნება მისი დაზიანება, ჯერჯერობით რთული სათქმელია.
არაბულმა შეხვედრაში ანგარიში 65-ე წუთზე გახსნა - მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული პასის შემდეგ, გამოცდილმა ქართველმა ფორვარდმა დასწრებაზე ითამაშა, თუმცა სტუმართა მცველმა ფეხში მტკივნეულად ჩაარტყა, რის გამოც ბაჩანა წამოდგომას რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ ახერხებდა. ამ ეპიზოდიდან ზუსტად ხუთ წუთში, 70-ე წუთზე, მთავარმა მწვრთნელმა ის შეცვალა და რამდენი ხანი ვერ დაეხმარება თანაგუნდელებს, დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდება.
როგორც უკვე მოგახსენეთ, არაბულის ანგარიშზე „უნირეას“ შემადგენლობაში გამართულ 5 შეხვედრაში 2 გოლია და „ბოტოშანის“ გარდა მან ბურთის გატანა 13 აპრილს, „უტა არადის“ კარში შეძლო. ცნობისათვის, სლობოზიას გუნდი სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.