„მხოლოდ მე არ მივდივარ“ - პორიე UFC-ის თაობათა ცვლაზე
ლეგენდარული მებრძოლი დასტინ პორიე კარიერაში უკანასკნელ შეხვედრას 19 ივლისს, ნიუ ორლეანში ჩაატარებს - მისი მეტოქე UFC 318-ზე, BMF-ის სიმბოლური ქამრისთვის, მსუბუქ წონით დივიზიონში მაქს ჰოლოუეი იქნება. ბუნებრივია ამერიკელ სპორტსმენს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და თითქმის ყველა მათგანს სწყდება გული იმის გამო, რომ პორიეს ოქტაგონში ვეღარ იხილავენ, თუმცა თავად დასტინი ამ ყველაფერს საკმაოდ მშვიდად ხვდება და თვლის, რომ თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი გარდაუვალია.
დასტინ პორიე
მიმდინარე მოვლენებს მე პირადად ასე შევაფასებდი - UFC-ის ძველი გვარდია ემშვიდობება. მე მქონდა შესაძლებლობა თვალი მედევნებინა ძველი თაობის ღირსეული წარმომადგენლებისთვის - როდესაც პატარა ვიყავი ჟორჟ სენ-პიერის, ბი ჯეი პენისა და ჩაკ ლიდელის ბრძოლების ხილვით ვტკბებოდი. მე თითოეული მათგანის გულშემატკივარი ვიყავი და მათ კარიერა პრაქტიკულად ჩემს თვალწინ დაასრულეს.
ახლაც გარკვეულწილად ანალოგიური მოვლენები მიმდინარეობს. მე მივდივარ, ჯასტინ გეიჯიც მალე დაასრულებს კარიერას და კამარუ უსმანს ალბათ მხოლოდ რამდენიმე ჩხუბის ჩატარებაღა მოუწევს.
ცნობისათვის, თავისი გამოსამშვიდობებელი ჩხუბის გამართვა დასტინ პორიეს ილია თოფურიასთან სურდა, რაც ერთ-ერთ ინტერვიუში თავადაც დაადასტურა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, UFC-ის ხელმძღვანელებისგან ამ თხოვნაზე პასუხად ის მიიღო, რომ ილიას სხვა ბრძოლისთვის ამზადებენ.