„ზედმეტად ძვირი და სარისკო“ | რატომ თქვა ნიუკასლმა უარი კვარას ტრანსფერზე
2023 წელს „ნიუკასლს“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურდა, თუმცა ბრიტანელებმა მისი ტრანსფერი ზედმეტად ძვირად და სარისკოდ ჩათვალეს. ამის შესახებ ცნობილი ადგილობრივი გამოცემა Telegraph-ი იტყობინება.
რას წერს გამოცემა:
„კლუბში არაბი ინვესტორების მოსვლის შემდეგ „ნიუკასლმა“ არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა, რომელთა შორისაც გამოსარჩევია ალექსანდრ ისაკისა და სანდრო ტონალის გადაბირება, თუმცა 2023 წელს „კაჭკაჭებმა“ დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დღის წესრიგში ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის საკითხი დადგა.
კლუბის ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ ტრანსფერი ზედმეტად სარისკო იყო, ფასი კი, რომელსაც „ნაპოლი“ ქართველ ფეხბურთელში ითხოვდა, გადაჭარბებული. საბოლოო ჯამში, რეკომენდაციების მიუხედავად საუდელმა ინვესტორებმა კვარას ტრანსფერი დაბლოკეს, „ნიუკასლმა“ კი „ევერტონიდან“ 45 მილიონ ევროდ ენტონი გორდონი დაიმატა“.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში პსჟ-მა კვარას სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადა. ქართველმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, ქვეყნის თასის ფინალში გავიდა, რამდენიმე დღეში კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „არსენალს“ დაუპირისპირდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში „ნიუკასლმა“ თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა შემტევი, ვახტანგ სალია დაიმატა. ქართველი ფეხბურთელი „კაჭკაჭებს“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდება.