„ხვიჩას სამუშაო ეთიკა და ახალი პსჟ“ | რას წერს Sky Sports-ი კვარაცხელიაზე
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „არსენალთან“ გამართულ პირველ შეხვედრაში, ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. Daily Mail-ს მისი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებია და „კვარას“ ასპარეზობას სტატია Sky Sports-მაც მიუძღვნა.
ხვიჩა კვარაცხელია და ახალი პარი სენ-ჟერმენი. ქართველი გარემარბის სამუშაო ეთიკა, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ტრანსფორმაციას კარგად ასახავს.
„არსენალთან მატჩის სასტარტო ნიშნულიდან 10 წუთი იყო გასული, როდესაც კვარაცხელია მარცხენა მცველის პოზიციაზე აღმოჩნდა. ის ნუნუ მენდეშს აზღვევდა, რომელიც შეტევაში იყო წასული, მაგრამ მითითებებს მაინც ქართველი გარემარბი იღებდა.
ფაბიან რუისი მოუწოდებდა, წნეხი გაეზარდა და ესპანელი ნახევარმცველი დარწმუნებული იყო, რომ კვარაცხელიას ეს შეეძლო. მომდევნო ეპიზოდისას, როდესაც თამაში გაჩერდა, კვარაცხელიას დამატებით ინსტრუქციებს ლუის ენრიკე აძლევდა. ეს პატარა მომენტი რაღაც ძალიან დიდზე მიგვითითებს. ეს მომენტი გვიჩვენებს განსხვავებულ ვარსკვლავსა და განსხვავებულ პარი სენ-ჟერმენს.
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკე კილიან მბაპეს ეხვეწებოდა, რომ დაცვითი მოვალეობების მსგავსი რამ მაინც შეესრულებინა. ახლა, პარი სენ-ჟერმენს 70 მილიონ ევროდ ნაყიდი კვარაცხელია ჰყავს, რომელიც ზედმეტად ბევრს აკეთებს.
ლონდონში, ქართველმა გარემარბმა საკმარისი დაცვითი სამუშაო შეასრულა, რათა პსჟ-ს ორმატჩიანი დუელის სადავეები ხელში აეღო. უსმან დემბელემ ანგარიში მისი პასის შემდეგ გახსნა და იურიენ ტიმბერს კვარაცხელიას გაკონტროლება ძალიან უჭირდა.
არსენალის განაპირა მცველმა ვინისიუს ჟუნიორი გაანეიტრალა, მაგრამ ხვიჩას წინააღმდეგ, საწყის 20 წუთში სამჯერ დაჯარიმდა. პირველ წუთებში, პარი სენ-ჟერმენმა აჩვენა, რატომ მიიჩნევს ბევრი ექსპერტი, ევროპაში ყველაზე სანახაობრივ გუნდად. ტიმბერი თამაშში გვიან ჩაერთო, კვარაცხელია კი დაცვით პასუხისმგებლობას იღებდა და ნუნუ მენდეშს იცავდა. ის ბუკაიო საკაზე ორმაგი დაცვის სათამაშოდ გადადიოდა და მარტინ ოდეგაარსა და საკას ორთაბრძოლები მოუგო.
მოგვიანებით, ეთან ნვანერი შემოვიდა და კვარაცხელიამ ისიც უბურთოდ დატოვა. მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ უბურთოდ მისი გუნდი უკეთესი გახლდათ. საოცარია, მაგრამ ყველაზე მეტჯერ ბურთი სწორედ ენრიკეს გარემარბმა დაიბრუნა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
ცნობისთვის, კვარაცხელიას დაცვითი თამაში Daily Mail-მაც გამოარჩია და მისი თქმით, ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, რადგან ბუკაიო საკას წინააღმდეგ დაცვაში საუცხოოდ იასპარეზა, L’Equipe-მა კი აღნიშნა, რომ მან უდიდესი გარჯა გაიღო.