„ასეთი დონის ფეხბურთელთან ასე თამაში გაუმართლებელია“ - ზეედორფი კვარა-ტიმბერის დუელზე
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, კლარენს ზეედორფმა Amazon Prime-ის ეთერში „არსენალისა“ და პსჟ-ის მატჩი შეფასა და თავისი თანამემამულე იურიენ ტიმბერი გააკრიტიკა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აშკარად ბევრი პრობლემა შეექმნა.
ზეედორფმა ტიმბერის თამაშს სულელური უწოდა და განაცხადა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა.
რას ამბობს ზეედორფი:
„როდესაც ფლანგის მცველი ხარ, კარგად უნდა შეგეძლოს იმის გააზრება, თუ როდის უნდა ახვიდე მაღალ პრესინგზე, როდის უნდა დაიწიო უკან და როდის უნდა მოდუნდე. განსაკუთრებით პსჟ-ის ასეთი შემტევების წინააღმდეგ, რომლებსაც მაღალი ხარისხი და შესანიშნავი უნარები აქვთ. ერთადერთი, რაც დავინახე, ის არის, რომ ტიმბერმა ბევრი სულელური ჯარიმა აიღო. ასე თამაში მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როდესაც იგებ, ყველაფერს აკონტროლებ და გინდა მეტოქეზე ზეწოლა განახორციელო, ან სწრაფი შეტევა ჩაშალო, მაგრამ უმიზეზოდ, როდესაც ისინი მოედანზე ისედაც შენზე უკეთესები არიან, ასეთი ჯარიმების აღება გაუმართლებელია“.
საგულისხმოა, რომ გუშინდელ მატჩში კვარაცხელიასა და ტიმბერს ერთმანეთის წინააღმდეგ 10 დუელი ჰქონდათ, საიდანაც 7-ჯერ გამარჯვებული ქართველი ფეხბურთელი გამოვიდა. ამასთან, ნიდერლანდელი მცველი ხვიჩასთან ოთხჯერ დაჯარიმდა, რაც „არსენალის“ ფეხბურთელების მხრიდან ყველაზე მეტი იყო. ასევე, მე-16 წუთზე ქართველისა და ნიდერლანდელის ერთ-ერთი დუელის დროს მსაჯმა ხვიჩას სასარგებლოდ პენალტი საკამათო სიტუაციაში არ დანიშნა.