ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ტიმბერს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში ლონდონში, „ემირეითსზე“ „არსენალი“ დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით უსმან დემბელემ გაიტანა.

მატჩის შემდეგ ფრანგული პრესა ქართველი ფეხბურთელის თამაშს ასე გამოეხმაურა:

90min: პირველივე შეხებით ქართველმა განსხვავება შექმნა და დემბელეს გაატანინა. 10 წუთის შემდეგ თავის ფლანგზე ბრწყინვალედ ითამაშა და ახლოს იყო პენალტის მოპოვებასთან. კვარაცხელია ასევე თავის ვიზავისთან, იურიენ ტიმბერთან ფიზიკური დუელის მონაწილეც გახდა. პარიზელთა გარემარბმა მეთოფეების მცველს არაერთხელ დაარღვევინა წესები და ორთაბრძოლების უმეტესობა მოუგო, რის შემდეგაც ლუის ენრიკემ მას და დეზირე დუეს ფლანგების გაცვლა დაავალა. პსჟ-ს „შვიდიანმა“ ასევე დიდი სამუშაო გასწია დაცვაში და ეხმარებოდა ნუნო მენდეშს ბუკაიო საკასთან გამკლავებაში.

Maxifoot: პსჟ-ს გარემარბმა ტიმბერს დიდი პრობლემები შეუქმნა. პირველივე წუთებიდან ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის მიმდინარეობა შეცვალა, როდესაც დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა. დიდი ხნის განმავლობაში ის პრობლემებს უქმნიდა ტიმბერს, განსაკუთრებით საჯარიმოში საკამათო ეპიზოდის შემთხვევაში. რამდენჯერმე „ნაპოლის“ ექსფეხბურთელმა ბურთიც დაკარგა, თუმცა დაცვაში მისი თამაში ასევე დასაფასებელია.

Parisfans: შეუჩერებლად დარბოდა, იბრძოდა ყველა ბურთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პირადად დიდი მატჩი არ ჰქონია, გუნდის წარმატებაში დადებითი წვლილი შეიტანა.

RMC Sport: უსმან დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა, იურიენ ტიმბერს კი ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო, თუმცა მის თამაშს მაინც რაღაც აკლდა. მეორე ტაიმში თამაშზე ნაკლები ზეგავლენა ჰქონდა.

Footmercato: ტიმბერს მატჩის დასაწყისში არაერთი პრობლემა შეუქმნა, ნიდერლანდელი მცველი სასწაულებრივად გადაურჩა ყვითელ ბარათს. მოგვიანებით ინგლისელთა მცველმა ინიციატივა ხელში ჩაიგდო, თუმცა კვარამ შედეგზე ზეგავლენა უკვე მოახდინა, როდესაც დემბელეს საგოლე პასი მისცა. ქართველი აგრძელებდა მარცხენა ფლანგიდან შეტევებს და პირველ ტაიმში პენალტის მოპოვებაც შეეძლო. დაეხმარა ნუნო მენდეშს საკას გაკონტროლებაში, რასაც უფრო ხშირად მეორე ტაიმში ვხედავდით, როდესაც პარიზელები შეტევაში ნაკლებად აქტიურობდნენ. 

Le Parisien: გააკეთა საგოლე პასი დემბელეზე, რომელმაც მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის უმეტესი ნაწილი ტიმბერისთვის გამოცდად იქცა. მე-16 წუთზე კვარაცხელიას პენალტის მოპოვება შეეძლო, 26-ზე კი თამაშში ჩართვა უკვე დავიდ რაიას მოუწია. მეორე ტაიმში ის ნაკლებად შესამჩნევი იყო შეტევაში, მაგრამ დაცვაში თავისი ვალდებულებების შესრულებაზე უარი არ უთქვამს.

L'Equipe: ასისტი დემბელეზე მე-4 წუთზე, ორი დარტყმა (26-ე და მე-80 წუთები), რამდენიმე გარღვევა ფლანგზე, დიდი ფიზიკური გარჯა - სტანდარტული მატჩი ქართველისთვის პარიზში გადაბარგების შემდეგ.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ განმეორებითი მატჩი პარიზში 7 მაისს გაიმართება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ერთ-ერთი საუკეთესო იყო | Sofascore-სა და Whoscored-ის შეფასებები
კვარა ერთ-ერთი საუკეთესო იყო | Sofascore-სა და Whoscored-ის შეფასებები