მესის ინტერვიუ - ტაქტიკა, ცვლილებები, ვალვერდე, ნეიმარი, ოქროს ბურთი და "რეალი"
"ბარსას" ათიანმა ლეო მესის, "ესპანიოლთან" სამეფო თასზე გამარჯვების შემდეგ, პრესასთან გუნდში არსებულ სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა.
"სამეფო თასზე რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ და არსებული სიტუაციით ბედნიერები ვართ. წინ მთელი სეზონია და ჯერჯერობით არაფერი მოგვიგია. ასე, რომ ზეიმი ნაადრევია.
წელს "ბარსა" შეიცვალა, რადგან ნეიმარი წავიდა და ტაქტიკის მხრივ მწვრთნელს ცვლილებების გატარება მოუხდა. დიახ, შეტევაში დიდი ძალა დავკარგეთ, თუმცა გუნდი უფრო დაბალანსებული გახდა და დაცვაც გაცილებით ძლიერია, ვიდრე აქამდე იყო. როტაცია? ეს, პრობლემას არ მიქმნის. ყველაფერს ვალვერდე წყვეტს და ჩვენ მას ხშირად ვესაუბრებით.

ვალვერდემ გუნდში მოსვლის დღიდანვე ყველაფერი გასაგებად ახსნა. მან თავისი ხედვა გაგვანდო და ჩვენც ახალ სტილზე გადავეწყვეთ. უნდა ავღნიშნო, რომ ტრანსფერების შედეგად უმაღლესი დონის მოთამაშეები დაგვემატნენ.
ოქროს ბურთის კვლავ მოგება? რასაც ადრე ვამბობდი, ახლაც იგივეს გავიმეორებ - ჩემთვის გუნდური მიღწევები ყოველთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო და ინდივიდუალური ჯილდოები ახლაც მეორე პლანზე დგას.
"რეალის" კრიზისზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მადრიდელებს ის ადრეც ჰქონდათ და ეს დროებითია.
ვთვლი, რომ "ბარსა" სწორ გზაზე დგას და წინ ბევრი წარმატება გველის. ჩვენი მიზანი უცვლელია - ყველა შესაძლო ტიტულის მოგება, რომელზეც ვასპარეზობთ".
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" თავის მომდევნო მატჩს კვირას "კამპ ნოუზე" "ალავესის" წინააღმდეგ გამართავს. სამეფო თასზე კი კატალონიელების მეტოქე "ვალენსია" იქნება.