„მასზე უკეთესი სტრაიკინგი და გრეპლინგი მაქვს“ | დოლიძე ვეტორისთვის ემზადება
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რომან დოლიძემ მოახლოებულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა, რომელსაც მარვინ ვეტორისთან გამართავს. „კავკასიელმა“ ვეტორი დაახასიათა და განაცხადა, რომ მასზე უკეთესი სტრაიკინგი და გრეპლინგი აქვს.
„ვეტორი ყველა კომპონენტში კარგი მებრძოლია. რა თქმა უნდა, მინუსები აქვს, მაგრამ ცუდი მებრძოლი ნამდვილად არაა. სამაგიეროდ, არც საუკეთესოა. საშუალოდ კარგი მებრძოლია ყველა კომპონენტში, თუმცა, ვფიქრობ, მასზე მეტის გაკეთება შემიძლია. მასზე ძლიერი დარტყმა და უკეთესი გრეპლინგი მაქვს. ვფიქრობ, ამას დავამტკიცებ კიდეც.
რას ვაპირებ რემატჩში? პირველ რიგში, მინდა, ცივსისხლიანივით ვიმოქმედო. პირველი ჩხუბისას, ზედმეტად აგრესიული ვიყავი. ყველა კომპონენტში კარგი მებრძოლი ვარ და მთავარია, 5-რაუნდიან ჩხუბში, სიმშვიდე მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში შევინარჩუნო. ყოველთვის ემოციური მებრძოლი ვიყავი და ამ ჩხუბში საჭიროა, ენერგია სწორად გადავანაწილო. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო.
ქართველების წარმატება 2024 წელს? 2024 წელი საქართველოსთვის უდიდესი იყო. ქართველებს წარმატება ძალიან გაუხარდათ და ახლა, ელოდებიან, რომ UFC-ში კიდევ ერთი ჩემპიონი ეყოლებათ. ჩემპიონობის გარდა, სხვა არაფერი სურთ და უნდა იყო დონეზე, რომელსაც შენგან ქართველი ხალხი ელოდება“.
ცნობისთვის, ვეტორის კარიერაში 19 მოგება და 7 მარცხი აქვს და ყველა ჯერზე მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო. იტალიელი საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში იმყოფება და მერვე ადგილს იკავებს, „კავკასიელი“ კი მე-12 გახლავთ.