„ყველაზე მეტად ახლა მახაჩევთან ჩხუბი მაინტერესებს“ - თოფურია
როგორც ჩანს, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან პოტენციური რემატჩისადმი ინტერესი დაკარგა და ახლა ერთბაშად ორი წონის ჩემპიონობა სურს. ამის შესახებ თოფურიამ El Chiringuito-ს ეთერში ისაუბრა.
ოქტომბერში მაქს ჰოლოუეის დამარცხების შემდეგ თოფურიამ განაცხადა, რომ ვოლკანოვსკისთან ჩხუბი სურს, თუმცა ახლა ილია ამბობს, რომ ოქტაგონში უფრო დიდი გამოწვევისთვის დაბრუნდება.
„გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა და ჯერ არ ვიცი, რა მოხდება. ისლამთან ჩხუბისკენ უფრო ვიხრები, ეს ყველაზე მეტად მაინტერესებს.
ჩემთვის იდეალური მეტოქე ისაა, ვისაც აქვს რამე, რისთვისაც ჩხუბი უნდა მიღირდეს. რაღაცამ მოტივაცია უნდა მომცეს. რას მომცემს ვოლკანოვსკისთან რემატჩი? ის უკვე დავამარცხე. მეორე ტიტულის მოგება და ისტორიაში შესვლა მსურს. სასურველი იქნებოდა, ოქტაგონში აპრილში ან მაისში დავბრუნდე“.
მახაჩევთან საჩხუბრად თოფურია მსუბუქ წონაში უნდა გადავიდეს, თუმცა მანამდე ისლამმა ტიტული 18 იანვარს არმან ცარუკიანთან ჩხუბში უნდა დაიცვას.
შეგახსენებთ, რომ თოფურიას MMA-ში 16-ვე ბრძოლა აქვს მოგებული, ბოლოს მან ოქტომბერში მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა.
რაც შეეხება მახაჩევს, მას 27 ბრძოლიდან 26 მოგება და 1 წაგება აქვს. ბოლოს ის 2015 წელს ადრიანო მარტინსთან დამარცხდა. მახაჩევმა ჩემპიონის ტიტული ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლაში მოიგო და მას შემდეგ ქამარი სამჯერ დაიცვა: ორჯერ ვოლკანოვსკისთან და ერთხელ - დასტინ პორიესთან.