კლოპი: "ფელიპეს ბარსელონაში გადასვლა სურდა"..."ის წასვლას დაჟინებით მოითხოვდა"
"ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა კოუტინიოს "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ, კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდთან ვრცელი კომენტარი გააკეთა.
"დადგა დრო, როცა ვემშვიდობებით კარგ მეგობარს, დიდებულ პიროვნებასა და ფანტასტიურ ფეხბურთელს ფელიპე კოუტინიოს.
საიდუმლო არ გახლავთ, რომ ფელიპეს ბარსელონაში გადასვლა სურდა. ეს მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ივლისში კატალონიელებმა პირველი შემოთავაზება გააკეთეს.
ის წასვლას დაჟინებით მოითხოვდა. კოუტინიო ამას ამბობდა ჩემთანაც, კლუბის მფლობელებთანაც და თანაგუნდელებთანაც. მას ტრანსფერის განხორციელება სურდა.
როცა ის ზაფხულში ჩვენთან დარჩა, რა თქმა უნდა იმედი გვქონდა, რომ ფილიპე "ლივერპულის" დიდი გეგმის ნაწილი გახდებოდა, თუმცა მისი ოცნება "ბარსელონაში" თამაში იყო და ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით.
ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ. გვესმის, რომ ქომაგთა ნაწილი იმედგაცრუებული იქნება, მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ყოველთვის ძნელია ასეთ განსაკუთრებულ ფეხბურთელსა და პიროვნებას გამოემშვიდობო.
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, ეს ფეხბურთია. კლუბმა კი წინსვლა უნდა განაგრძოს. მოედანზე ძველებური აგრესიით უნდა გავიდეთ. "ლივერპულს" დიდი ისტორია და უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ".
შეგახსენებთ, რომ ფელიპე კოუტინიო "ბარსელონამ" 160 მილიონ ევროდ შეიძინა. ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე გაფრინდა ბარსელონაში და მას ორშაბათს "კამპ ნოუზე" წარადგენენ.