მესის მამა: "მესი "ბარსელონაში" იქამდე დარჩება, სანამ..."
გუშინ ესპანურმა Mundo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლეო მესის ახალ კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს და ასეთ შემთხვევაში არგენტინელს უფლება ექნება, რომ კლუბი უფასოდ დატოვოს.
ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, მესის მამამ ხორხემ Marca-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს.
"ის რაც დაიწერა სიმართლეს არ შეესაბამება. დიახ, ასეთი შეთანხმება მართლა არსებობს, მაგრამ თუ ზუსტად გაინტერესებთ გეტყვით, რომ მესი "ბარსელონაში" იქამდე დარჩება, სანამ კლუბი ტოპ ლიგაში ითამაშებს. არ აქვს მნიშვნელობა კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს, თუ არა, მთავარია "ბლაუგრანამ" ლა ლიგაში ან მისი დონის ჩემპიონატში ითამაშოს. ასეთ შემთხვევაში მესი "ბარსას" არ დატოვებს".
როგორც ხედავთ, მესის ახალ კონტრაქტში ასეთი პუნქტი მართლა არსებობს, მაგრამ კატალონიის დამოუკიდებლობა მასთან არაფერ შუაშია. მთავარია "ბარსამ" ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, ან საფრანგეთის ჩემპიონატებიდან რომელიმეში ითამაშოს და არგენტინელიც კვლავინდებურად ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით იასპარეზებს.
საინტერესოა, რომ მესის მიერ დამატებულ პუნქტში, რომლებშიც ტოპ ლიგებია შეყვანილი იტალიის სერია A ნახსენები საერთოდ არ არის.