დი მარიამ ფოტოები მოიწონა, რომელზეც "ბარსელონა" "რეალთან" გამარჯვებას ზეიმობდა
ბოლო დღეებში საფეხბურთო სამყაროს სასაუბრო თემა "ელ კლასიკო" იყო, რომელშიც "ბარსელონამ" "რეალს" 3-0 სძლია.
ამ მატჩის ირგვლივ უამრავმა ცნობილმა ადამიანმა გამოთქვა თავისი მოსაზრება. ზოგიერთი მათგანი სერიოზული იყო, ზოგიც კი ირონიული.
თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს "ბარსასა" და "რეალის" ყოფილმა მოთამაშეებმაც.
ყველაზე საინტერესო კი მაინც ანხელ დი მარიას ქმედება იყო. სამეფო კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა დასრულებული კლასიკოს შემდეგ, სოციალურ ქსელში "ბარსელონას" 8 ფოტო მოიწონა, რაც მადრიდულ Marca-ს არ გამორჩენია.
დი მარიამ მოიწონა ფოტოები, რომელზეც "ბარსას" მოთამაშეები გამარჯვებას ზეიმობდნენ.
როგორ მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს პრესა აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ დი მარია "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.
საბოლოოდ, პარიზელებმა არაადექვატურად დიდი თანხა მოითხოვეს და გარიგებაც ჩაიშალა. თუმცა, როგორც ჩანს არგენტინელ ფეხბურთელს კატალონიელებისადმი სიმპათიები მაინც არ განელებია.