„არასოდეს დანებდეთ, ის მარცხი აღარც მახსოვს“ - გენო პეტრიაშვილის ახდენილი ოცნება
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოჭიდავეებიდან საუკეთესო შედეგი გენო პეტრიაშვილმა აჩვენა - 30 წლის გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 2016 წლის რიო დე-ჟანეიროსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლების შემდეგ, საფრანგეთის დედაქალაქში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. პეტრიაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ სტუმარი იყო, სადაც როგორც ახლახანს დასრულებული, ასევე წინა ოლიმპიური თამაშები დეტალურად გაიხსენა.
გენო პეტრიაშვილი
ბავშვობიდან მეუბნებოდა მამაჩემი რომ მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გავმხდარიყავი. გმირობა მეგონა ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონობა და მართლაც ასეა - ძალიან დიდი მოვლენაა.
როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა სპორტი და მონდომებული ვიყავი, ალბათ სწორედ ამიტომ ვთქვი ის სიტყვები, რომელიც ცნობილ ვიდეოშია - მე გენო პეტრიაშვილი ვარ და მინდა გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი.
სპორტულ ცხოვრებას თან ახლავს როგორც გამარჯვება, ასევე დამარცხება და მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის და უნდა მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი მოვლენა.
ნუგზარ სხირელის გარდაცვალება დიდი დარტყმა გახლდათ, რადგან ის ჩემი პირველი მწვრთნელი და ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. გარდაიცვალა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე თვით ადრე, მაგრამ გავაგრძელეთ ჩვენ შრომა და მივუძღვენით იმ ადამიანს ეს გამარჯვებები, რასაც მივაღწიეთ.
ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში დასანანი მარცხი განვიცადე - წამის მეასედებიც აღარ იყო დარჩენილი. ალბათ ზედმეტი ემოციებისგან შეცდომა დავუშვი და დავმარცხდი. საწყისი ორი წელი ძალიან რთული გამოდგა შეგუება ამ მარცხთან და არც ეხლა არ შევგუებულვარ, მაგრამ ის ორი წელი ძალიან გამიძნელდა და ბევრი ფინალიც წავაგე.
ცოტა რთული იყო ტოკიოში განცდილი მარცხის უკან მოტოვება, მაგრამ მადლობა ღმერთს შევძელით და ოლიმპიურ თამაშებზე ნანატრი ოქროს მედალი ავიღეთ. ამ გამარჯვების მერე აღარც მახსოვს ის დამარცხება და ის უარყოფითი ემოციები.
მზად ვართ ყველაფრისთვის - ახალი გამოწვევებისთვის, ახალი მიზნებისთვის. მე ძალიან მიყვარს ჩვენი საქმე, სპორტი, ჩემი სამშობლო და ეს ყველაფერი შერწყმულია ჩვენ ხასიათში და ვაკეთებთ იმას რაც შეგვიძლია.
ცნობისთვის, გენო პეტრიაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული სამივე სინჯის მედლის გარდა, მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ორგზის ჩემპიონია.