სილაგი: „ბაზაძე ზედმეტ მოძრაობებს არასოდეს მპატიობს“
უკვე წლებია ხმლით ფარიკაობაში პირველობისთვის ბრძოლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართველ სანდრო ბაზაძესა და უნგრელ აარონ სილაგის შორის მიმდინარეობს. მართალია 36 წლის მადეარი ტიტულებით სანდროზე გაცილებით წინ დგას და მას ზედიზედ სამი ოლიმპიური თამაშები აქვს მოგებული, მაგრამ ბაზაძე მისთვის ყველაზე ღირსეული კონკურენტია, რაც თავად სილაგიმაც ერთ-ერთი მშობლიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუშიც აღიარა.
რას ამბობს სილაგი ბაზაძეზე
ჩვენი გზები თუ კიდევ ერთხელ გადაიკვეთება, ეს უკვე რაღაც უნიკალური ამბავი იქნება. როგორი მოწინააღმდეგეა სანდრო? ზედმეტს არაფერს აკეთებს, მინიმალურ შეცდომასაც არ გპატიობს და რადგან ასეთია, მეც ვცდილობ ზედმეტი მოძრაობების გარეშე ვებრძოლო. თითოეული ქულის გათამაშებისას, ერთი სანტიმეტრითაც რომ დავიხიო უკან, ის თავს დამესხმება და ამისთვის დამსჯის.
ბაზაძეს წაგება სძულს და როდესაც მარცხდება, მაშინვე კამათს იწყებს, რაშიც მამამისიც ეხმარება, რომელიც წლების მანძილზე მისი პირადი მწვრთნელი იყო, ახლა კი ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტია. ფიქრისა და რეაგირების საშუალებას სანდრო არასოდეს მოგცემს და მაშინვე ზეწოლას დაიწყებს შენზე.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ხვალ გამოვა და შეეცდება როგორც მინიმუმ მთავარ სპორტულ მოვლენაზე თავისი პირველი მედალი მოიპოვოს, თუმცა როგორც თავად აცხადებდა და აცხადებს, მისი უპირველესი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა. მსოფლიოს რეიტინგში ქართველი მოფარიკავე მეორე ადგილზეა მას მხოლოდ ეგვიპტელი ზიად ელსისი უსწრებს.