საინტერესო ტრანსფერი - სიმეონეს ზამთარში "პსჟ"-ს ფეხბურთელის შეძენა სურს
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის "ატლეტიკოს" FIFA-ს სატრანსფერო ბანი ეხსნება და ახალი მოთამაშეების დარეგისტრირება შეეძლება.
იანვრიდან "როხიბლანკოს" მაისურით დიეგო კოშტა და ვიტოლო ითამაშებენ და რა თქმა უნდა, მადრიდული კლუბი საგრძნობლად გაძლიერდება, თუმცა დიეგო სიმეონე ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მორიგი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.
ესპანური AS-ის ცნობით, არგენტინელ სპეციალისტს "პსჟ"-ში მოთამაშე თანამემამულის ხავიერ პასტორეს გადმობირება სურს.
28 წლის პასტორეს პარიზელთა რიგებში სულ უფრო მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რის გამოც გუნდის გამოცვლას გეგმავს და რამდენიმე საინტერესო წინადადებაც აქვს. მისით მილანის "ინტერი" ინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ ხავიერ პასტორე „პსჟ“-ს ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 242 შეხვედრაში 43 გოლი და 57 შედეგიანი გადაცემაა.