საერთაშორისო ტურნირი - კარატისტების 7 მედალი იტალიაში
საქართველოს შოტოკან კარატე დოს გუნდმა იტალიის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა 7 მედლით დაასრულა.
შეჯიბრება საკურორტო ქალაქ ლეკოში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩვენი ქვეყნის სახელით კარატისტები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდნენ.
11 წლის ანდრია საათიშვილის ანგარიშზე კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში ოქროს, ინდივიდუალურ კუმიტესა და ინდივიდუალურ კატაში კი ბრინჯაოს მედლებია.
9 წლის ელენე ბობოხიძემ, რომლისთვისაც ეს სადებიუტო საერთაშორისო შეჯიბრება იყო, სხვადასხვა დისციპლინებში სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა უფროსებს შორის ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ჭაბუკა მახარაძემ, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია.
იტალიის საერთაშორისო ტურნირზე ჯამში 20-მდე ქვეყნის 15000 კარატისტი მონაწილეობდა.