ილია თოფურია, ჯამაჰალ ჰილი
Aa
Aa

„ქართული ღვინო მერაბთან გავსინჯე, ილია 2 ბოთლს დამპირდა“ | UFC-ის ექს ჩემპიონი

UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯამაჰალ ჰილმა ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა. ჰილმა „ელ მატადორი“ შეაქო და ილიას პირობა შეახსენა, რომელიც ქართულ ღვინოს უკავშირდება.

„მაღალი ალბათობა იყო, ბრძოლა ამ შედეგით დასრულებულიყო. ილია ყველა კომპონენტში ძლიერია და როცა დისტანციას ამცირებს, ძალიან სახიფათოა. ბრწყინვალე კომბინაციები აქვს და ამ მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ვოლკანოვსკი ოქტაგონზე კარგად მოძრაობდა, სწორ კუთხეებს ირჩევდა და ილიას აიძულებდა, მისთვის არახელსაყრელი პოზიციიდან ეჩხუბა, მაგრამ თოფურიამ სიმშვიდე შეინარჩუნა და ალექსზე წნეხის განხორციელება არ შეუწყვეტია.

კომბინაცია, რომლითაც თოფურიამ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა, ჩხუბამდე ერთი კვირით ადრე, საკუთარ თავზე გამოვცადე. ქართველ მებრძოლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. UFC Performance Institute-ში მათთან ერთად ვიყავი და ილიამ სწორედ ეს კომბინაცია გამიკეთა. ვერ დავიჯერე, იმდენად სწრაფი იყო. აქვე, რომ არ დამავიწყდეს, თოფურიას მინდა შევახსენო, რომ ორი ბოთლი ღვინო აქვს მოსატანი. არ ვიცი, გსმენიათ თუ არა, მაგრამ ქართული ღვინო საოცარია. ქართული ღვინის ერთ-ერთი იშვიათი სახეობა მერაბის სახლში გავსინჯე და თოფურია ორ ბოთლს დამპირდა. ჩემპიონობის შემდეგ, დაკავებული იყო და ერთმანეთს ვერ დავუკავშირდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართული ღვინო აღარ მინდა. ილია, მომიტანე ჩემი ღვინო! ორ ბოთლს დამპირდი, არ დაგავიწყდეს“.

შეგახსენებთ, რომ „ვოლკის“ დანოკაუტების შემდეგ, თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ოცნებას გაწყებინებს“ | ჰამშიკი ქართველ ფეხბურთელზე
„კვარა ოცნებას გაწყებინებს“ | ჰამშიკი ქართველ ფეხბურთელზე