ასეთ გუნდთან გამარჯვება ადვილი არაა - მაცარი აუტსაიდერთან მოგებულ მატჩზე
იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურში „ნაპოლიმ'' შინ აუტსაიდერი „სალერნიტანა'' 2:1 დაამარცხა.სტუმრები კანდრევას გოლით იგებდნენ, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს პოლიტანომ ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა, მეორე ტაიმის მე-6 დამატებულ წუთზე რაჰმანიმ „ნაპოლისთვის'' გამარჯვების გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ „პარტენოპეის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მედიასთან ისაუბრა: „მათი პირველივე შანსი გოლით დასრულდა. მოხარული ვარ, რომ ბიჭებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს, თამაში გააგრძელეს, მომენტები შექმნეს, ბურთს ვაკონტროლებდით. გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ. გაშვებული გოლის შემდეგ პენალტით ანგარიში გავათანაბრეთ, კარგი რეაქცია გამოვავლინეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.
გუნდური სულისკვეთების გარდა თამაშის ორგანიზება მოვახერხეთ და ჩვენი სათამაშო სტილით ვითამაშეთ. ეს ადვილი არაა, როცა მეტოქე „სალტერნიტანაა’’, რომელიც დაცვიდან თამაშობს და კონტრშეტევებისას სახიფათოა’’.
მატჩის მიწურულს კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო, ეს მისი მეხუთე ყვითელი ბარათია ამ სეზონში, ამიტომ სერია ა-ს შემდეგ ტურში „ლაციოსთან'' შეხვედრას გამოტოვებს (28 იანვარი, 21:00). „ლაციოსთან'' მატჩამდე „ნაპოლი'' იტალიის სუპერთასზე „ფიორენტინას'' შეხვდება (18 იანვარი, 23:00). ცხადია, ხვიჩა ამ მატჩში ითამაშებს.
20 ტურში ნაპოლიმ'' 31 ქულა დააგროვა და ამ მომენტში სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.