მილანი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩის 2 პირობა - რა შემთხვევაში გაახანგრძლივებს ლუკა კონტრაქტს

Calciomercato.it-ის ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი მზადაა მილანში კიდევ ერთი სეზონით დარჩეს, თუმცა მისი მომავალი ორ კონკრეტულ პირობაზეა დამოკიდებული.

ხორვატ ლეგენდას, რომლის კონტრაქტიც 30 ივნისს იწურება, 2027 წლამდე გახანგრძლივების ოფცია აქვს.

ინდივიდუალურად ძლიერი სეზონის შემდეგ, სადაც მან მასიმილიანო ალეგრიზე შთაბეჭდილება მოახდინა თავისი პროფესიონალიზმითა და უფრო დაცვით როლზე ადაპტაციის უნარით — განსხვავებით იმ შემტევი ფუნქციებისგან, რომლებსაც კარიერის დიდი ნაწილი რეალში ასრულებდა — 2018 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი იტალიური თავგადასავლის გაგრძელებას განიხილავს.

პირველი პირობა: ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა.

მოდრიჩს სურს მომავალ სეზონში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე თამაში — რაც „მილანის“ მაისურით ჯერ არ გამოუცდია. ამიტომ სეზონის ბოლო ტურის მატჩს კალიარის წინააღმდეგ არა მხოლოდ კლუბისთვის, არამედ პირადად მისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მეორე პირობა: ალეგრის დარჩენა.

მოდრიჩსა და ალეგრის შორის სეზონის განმავლობაში ძლიერი ურთიერთპატივისცემა ჩამოყალიბდა და ხორვატის დარჩენის სურვილი პირდაპირ უკავშირდება იმავე მწვრთნელთან მუშაობის გაგრძელებას. მათი ურთიერთობა იმდენად მჭიდროა, რომ მოდრიჩი მომავალში ალეგრის სამწვრთნელო შტაბის წევრობის შესაძლო კანდიდატადაც კი განიხილება(კარიერის დასრულების შემდეგ).

ამგვარად, ორივე პირობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული: თუ ალეგრი დარჩება, დიდი ალბათობით ეს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ნიშნავს — რაც მოდრიჩის ორივე მოთხოვნას ავტომატურად დააკმაყოფილებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები