„გუნდის გასაძლიერებლად მუშაობა დაწყებულია“ | არჩილ ბერიძის განცხადება
Aa Aa
8 დეკემბერი 2023  |  18:34

„გუნდის გასაძლიერებლად მუშაობა დაწყებულია“ | არჩილ ბერიძის განცხადება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის, „დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ განცხადება გაავრცელა. აჭარელთა პირველმა პირმა განვლილი სეზონი შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდის გასაძლიერებლად მუშაობა დაწყებულია.

„ძვირფასო გულშემატკივრებო! დროა შევაფასოთ 2023 წლის საფეხბურთო სეზონი და ჩემი ემოციები გაგიზიაროთ რთული და ამავდროულად საინტერესო წელი გვქონდა. პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ყველა მხარდამჭერს და სპონსორს. ადამიანებს ვინც გასული სეზონის მანძილზე რთულ მომენტებშიც მხარში გვედგა და წარმატებასაც ჩვენთან ერთად იზიარებდა.

დინამო ბათუმს თავისი 100 წლიანი არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აქვს. ეს შედეგი ჩვენმა ერთიანობამ და თავდაუზოგავმა შრომამ მოიტანა. ბოლო დროინდელ წარმატებაში განუზომელი წვლილი აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და მის მეთაურს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, ისევე როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ბათუმის მერს ბატონ არჩილ ჩიქოვანს.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გუნდის მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს და პერსონალს. ფეხბურთში მთავარი რათქმაუნდა რეზულტატია, ბოლო სამ სეზონში მეორედ გავხდით ქვეყნის ჩემპიონები და შეუძლებელია ამ შედეგით არ ვამაყობდეთ. აქვე მსურს ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ბატონი გია გეგუჩაძის მიმართ, რომელმაც 6 წლის მანილზე უდიდესი სამუშაო გასწია და ჩვენი კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

გარკვეულ ეტაპზე ყველა საფეხბურთო კლუბის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი ცვლილებების და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დრო. ჩემი შეხედულებით სწორედ ეს არის დინამო ბათუმის გულშემატკივრების დაკვეთა და ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევა სამომავლოდ. გუნდის ძირითადი ბირთვის შესანარჩუნებლად და შემადგენლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. თუმცა იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მოთამაშეების შენარჩუნება მხოლოდ ჩვენს სურვილზე დამოკიდებული არ იქნება. ვემზადებით ახალი სეზონისთვის, ახალი იმედებით და უცვლელი მიზნით - ევროპული საფეხბურთო ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა“.

ცნობისთვის, „დინამო ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა და ეს კლუბის 100 წლის იუბილეზე მოახერხა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკანოვსკის საქმე მარტივად არ ექნება თუ...“ | ყოფილი ჩემპიონი ილია VS ალექსზე
„ვოლკანოვსკის საქმე მარტივად არ ექნება თუ...“ | ყოფილი ჩემპიონი ილია VS ალექსზე