„ფორმის აღდგენას ვეღარ ვასწრებ“ | ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა დაასრულა
Aa Aa
7 დეკემბერი 2023  |  20:32

„ფორმის აღდგენას ვეღარ ვასწრებ“ | ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა დაასრულა

ზურაბ დათუნაშვილი წარმოშობით ქართველი სპორტსმენია, რომელიც სერბეთის სახელით გამოდიოდა და 2022 წელს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რამდენიმე წუთის წინ, მან სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა და კარიერის დასრულების შესახებ დაწერა.

„მოგესალმებით, მეგობრებო. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჭიდაობისთვის მაქვს მიძღვნილი. ჩემს კარიერაში იყო არაერთი დიდი გამარჯვება და ბევრი იმედგაცრუებაც. ჯერ კიდევ  21 წლის ასაკში შევძელი ჩემს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და მცირე ასაკში ავისრულე ყველა სპორტსმენის მთავარი ოცნება.

ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც ჩემი მთავარი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა იყო და მისთვის მზადების პროცესში ვიყავი. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დამჭირდა სასწრაფო ოპერაციაც. სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ ვასწრებ ფორმის აღდგენას და 32 წლის ასაკში მიწევს აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო.

თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩემი ცხოვრება მთლიანად ჭიდაობასთან არის დაკავშირებული და ასე იქნება მომავალშიც. მივდივარ აქტიური სპორტიდან, თუმცა ვრჩები ჭიდაობაში და ვაპირებ, ჩემი 26 წლიანი გამოცდილება მოვახმარო ჭიდაობის განვითარებაზე ზრუნვას როგორც საქართველოსა და სერბეთში, ისე მთლიანად მსოფლიოში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მქომაგობდით და ჩემთან ერთად იზიარებდით მარცხისას განცდილ სინანულსა და გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს“.

შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო, ტოკიოს ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 2021 წელს, იგი ვარშავაში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და 2022 წელს, საუკეთესო სერბ სპორტსმენად დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„რაღაც განსხვავებული უნდა აჩვენოს თორემ დამარცხდება“ | რა თქვა ვოლკმა ილიაზე
„რაღაც განსხვავებული უნდა აჩვენოს თორემ დამარცხდება“ | რა თქვა ვოლკმა ილიაზე