ბელინგემი: „ვიცი, რომ კარლო ანჩელოტის დღემდე იმედს ვუცრუებ“
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა, ჯუდ ბელინგემმა Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა. ინგლისელი ნახევარმცველი რამდენიმე საათში „ოქროს ბიჭუნას“ ჯილდოს ჩაიბარებს და ბელინგემმა საკუთარ გუნდსა და წარმატებაზე ისაუბრა.
„მინდა, რეალში ჩემს თანაგუნდელებს, მთავარ მწვრთნელს, კლუბის პრეზიდენტს, ჩემს ოჯახს, დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს ძმასა და მეგობრებს, რომლებმაც სასიამოვნო მოლოცვებით ამავსეს და არ ჩერდებიან, მადლობა გადავუხადო. ამ ხალხის გარეშე, მათი დახმარების გარეშე, მათი გამხნევების გარეშე, ოქროს ბიჭუნას ჯილდოს ვერ მოვიგებდი.“
მოუთმენლად ველოდი მომენტს, როცა მიზანს მივაღწევდი და ეს სტატუსი ჩემი გახდებოდა. ამ ჯილდოს მოგება მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი და წინა გამარჯვებულები ადასტურებენ, რომ პრესტიჟულ სტატუსზეა საუბარი. მესამე ინგლისელი ვარ, ვინც ეს შედეგი დააფიქსირა. ჩემზე ადრე იგივე უეინ რუნიმ და რაჰიმ სტერლინგმა გააკეთეს.
პრესტიჟული ჯილდოს დასაკუთრების შემდეგ, მინდა, სწრაფი პროგრესი განვაგრძო. ვიცი, რომ ეს ჯილდო ბევრი სხვა ჯილდოს მოგებაში დამეხმარება. ანჩელოტი? არის ასპექტი, რომელშიც იმედს ვუცრუებ. ესპანურად ჯერ კიდევ ვერ ვლაპარაკობ. ვწუხვარ, მაგრამ ეს მოულოდნელი ენობრივი დაბრკოლებაა. მისი გადალახვა მიჭირს, მაგრამ პირობას ვდებ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები“.
ცნობისთვის, ბელინგემის გარდა, პრეტენდენტებს შორის იყვნენ: ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ხავი სიმონსი (ლაიფციგი), ანტონიუ სილვა (ბენფიკა), ალექს ბალდე (ბარსელონა), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი), ბენიამინ შეშკო (ლაიფციგი), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), რასმუს ჰოილუნდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლივაი კოლუილი (ჩელსი), იოჰან ბაკაიოკო (პსვ), მილოშ კერკეზი (ბორნმუთი), არტიურ ვერმერენი (ანტვერპენი), ევან ფერგიუსონი (ბრაიტონი), ლუკა გურნა-დუატი (ზალცბურგი), იორენ ზაირ-ემერი (პსჟ), უსმან დიომანდე (სპორტინგი), არნაუ მარტინესი (ჟირონა), მატის ტელი (ბაიერნი), ანდი დიუფი (ლანსი), არდა გიულერი (რეალი), ბილიალ ელ-ჰანუსი (გენკი), მარტინ ბატურინა (დინამო ზაგრები), ჟოაუ ნევეში (ბენფიკა), ლამინ იამალი (ბარსელონა).