ესპანეთის ნაკრების დაკარგული ბუცები და ხელთათმანები თბილისშია
გუშინ საღამოს ესპანეთის ნაკრების ამუნიციის დაკარგვის შესახებ გავრცელებულმა ამბავმა ინტერნეტსივრცე მოიცვა. „ფურია როხამ“ „დინამო არენაზე“ არასრულფასოვნად ივარჯიშა, რადგან ფეხბურთელებს ბუცების ნაცვლად ბოტასები ეცვათ.
Marca-ს ცნობით, ესპანეთის ნაკრებს ჩანთა, რომელშიც ბუცები და ხელთათმანები იყო მადრიდში დარჩათ, თუმცა დღეს ყველაფერი ჩამოუვიდათ.
ესპანელებმა ამ პრობლემის გამო გუშინ უბურთოდ ივარჯიშეს.
საქართველო ესპანეთს აქამდე 5-ჯერ შეხვდა. 4 მატჩი ოფიციალური იყო და ყველა ესპანეთმა მოიგო. ერთი ამხანაგური კი შეხვედრა მადრიდში საქართველოს ნაკრებმა თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოიგო.
გეტყვით იმასაც, რომ 3 მატჩის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 4 ქულაა და მეორე ადგილზე ვიმყოფებით. ასევე 4 ქულა აქვს ნორვეგიას, ხოლო ესპანეთი 3 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. „ფურია როხასთან“ მატჩის შემდეგ, სწორედ ერლინგ ჰოლანდის ნაკრებს დავუპირისპირდებით.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას „დინამო არენა“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.