„ტოპ კლასის მეკარეა“ | ვალენსიას ახალმა გოლკიპერმა მამარდაზე ისაუბრა
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ „ვალენსიამ“ ხულენ აგირესაბალა გაიფორმა. „ღამურებმა“ ესპანელი მეკარე დღეს წარადგინეს და აგირესაბალამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„მამარდაშვილი ტოპ კლასის მეკარეა და ვალენსიასთვის ძალიან ბევრი გააკეთა, თუმცა, წნეხს არ ვგრძნობ. მამარდაშვილი მამარდაშვილია, ხულენი - ხულენი. როდესაც კორბერანს, მარკოსსა და კლუბს ვესაუბრე, მათ ხაზი გაუსვეს ყოველდღიური პროგრესის მნიშვნელობას, რაც ახალგაზრდა მეკარისთვის გადამწყვეტია.“
აგირესაბალა 24 წლის გოლკიპერია, რომელიც „ბილბაოს“ საკუთრებაა. „მესტალიაზე“ იგი იჯარის წესით იმყოფება და ვალენსიელებს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვთ. გასულ სეზონში მან 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - ლა ლიგა (14), ევროპა ლიგა (13), კოპა დელ რეი (2).
ცნობისთვის, მამარდაშვილი „ლივერპულთან“ ერთად იმყოფება და „წითლების“ მაისურით პირველი შეხვედრაც გამართა. მერსისაიდელები „პრესტონს“ დაუპირისპირდნენ და ამხანაგური მატჩი 3:1 მოიგეს. 26 ივლისს, „ლივერპული“გუნდი ჰონგ-კონგში „მილანს“ შეხვდება, 30 ივლისს კი იოკოჰამაში „იოკოჰამა მარინოსს“ დაუპირისპირდება.