6-გოლიანი ტრილერი, პენალტების სერია, მესის საგოლე პასების დუბლი და ფინალის საგზური
ამერიკის შეერთებულ შტატებში მორიგი სანახაობა შემოგვთავაზა ლეო მესიმ. არგენტინელი სუპერვარსკვლავის გუნდი თასის ნახევარფინალში სტუმრად „ცინტინატის“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ შეხვედრაში პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
36 წლის ვარსკვლავს დღევანდელ მატჩში გოლი არ გაუტანია, თუმცა, თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. „ინტერ მაიამისთვის“ შეხვედრა რთულად დაიწყო. მასპინძლები მე-18 წუთზე აკოსტას გოლით დაწინაურდნენ, 53-ე წუთზე კი ვასკესმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
ერთი შეხედვით, გამოუვალ სიტუაციაში დარჩენილ „ინტერს“ კვლავ მესიმ ულიდერა და ფაქტობრივად წაგებული შეხვედრა დაატრიალა. 68-ე წუთზე კამპანიამ ერთი გოლი გაქვითა, საგოლე გადაცემა კი ლეოს ანგარიშზეა. მაიამელებმა ანგარიში ფაქტობრივად ბოლო წუთზე გაათანაბრა. „ცინცინატის“ კარში გოლი კვლავ კამპანიამ გაიტანა, საგოლე გადაცემა კი ისევ მესიმ შეასრულა.
შედეგად, შეხვედრა დამატებით ტაიმებში გადავიდა. პირველი დამატებულ ტაიმის მე-3 წუთზე „ინტერ მაიამი“ მარტინესის გოლით დაწინაურდა, მასპინძლებმა კი 114-ე წუთზე კუბოს გოლით გაათანაბრეს და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.
საფეხბურთო ლატარიაში ძლიერი ტატა მარტინოს გუნდი აღმოჩნდა. „ინტერ მაიამიმ“ ხუთიდან ხუთივე პენალტი ზუსტად შეასრულა. ბუნებრივია, თერთმეტმეტრიანი ლეომაც დაარტყა, თანაც გამხსნელი, რომელიც ზუსტად შეასრულა, „ცინცინატიმ“ კი გადამწყვეტი, მე-5 პენალტი გააფუჭა, რის შედეგადაც ფინალის საგზური „ინტერ მაიამის“ დარჩა. საგულისხმოა, რომ მატჩის ბოლოს ლეო მესიმ ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება - 9.3 მიიღო.
შედეგად, „ინტერ მაიამი“ აშშ-ის თასის ფინალში ითამაშებს, მეტოქე კი „ჰიუსტონ დაინამო“ იქნება. ფინალური დაპირისპირება 28 სექტემბერს გაიმართება.