აპოელ-ის მწვრთნელი: „ჯერ დილაზე არ ვისაუბრებ, გამარჯვებას ვზეიმობთ“
UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილამ“ უკრაინული „ვორსკლა“ დაამარცხა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე აპოელ-ს შეხვდება, რომლის შემადგენლობაში ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ.
აპოელ-მა „ვოივოდინასთან“ დაპირისპირებაში ორივე მატჩი იდენტური ანგარიშით მოიგო - 2:1.
სერბული ბარიერის დაძლევის შემდეგ აპოელ-ის მთავარმა მწვრთნელმა ზა პინტუმ მედიასთან ისაუბრა:
„ისეთი თამაში გამოვიდა, როგორსაც ველოდით - რთული. პირველ ტაიმში მეტოქე უკეთესი იყო, მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. იბრძოლეს, კარგად ითამაშეს.
ვერ შევძელით ბურთის გაკონტროლება, ორთაბრძოლებში აგრესიულები არ ვიყავით, ჩვენს გეგმას ვერ გავყევით.
შესვენებაზე ფეხბურთელებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ თუ ასე გავაგრძელებდით, დავმარცხდებოდით. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, უფრო სწრაფად და მარტივად ვმოქმედებდით. გავიტანეთ და მეტოქეს მომენტები არ შევაქმნევინეთ. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია.
ამ ორმა გამარჯვებამ ჩემი გუნდის თავდაჯერება გაზარდა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველთვის გამარჯვებისთვის თამაშობს’’.
კითხვა: „გორის „დილა“ პირველ მატჩს შინ ატარებს. ეს თქვენთვის უპირატესობა იქნება?
ზა პინტუს პასუხი: „ახლა ამ თემაზე არ ვისაუბრებ. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, სტუმრად მოვიგეთ. გორის „დილაზე“ საუბრის დრო გვექნება, ახლა გამარჯვებას ვზეიმობთ და ამ გამარჯვებით სიამოვნებას ვიღებთ“.
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიციკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „დილა“ თბილისში, „დინამო არენაზე“ აპოელ-ს მიიღებს. მატჩი 10 აგვისტოს გაიმართება. საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს შედგება.
შეგახსენებთ, რიკარდუ ზა პინტუ 1994-2001 წლებში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, ევრო 1996-სა და ევრო 2000-ის მონაწილეა.