ძალოსანთა წარმატება | თორნიკე ტაბატაძე ევროპის ჩემპიონია!
ბუქარესტში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და დასკვნითი დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ტურნირის ბოლო დღეს, საქართველოს სახელით +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში, თორნიკე ტაბატაძემ და მიხეილ ადამიამ იასპარეზეს.
ტაბატაძემ ატაცში 160 / 165 / 170 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა! ძალოსანმა აკვრაში თავი 192 / 196 / 202 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი ერგო. თორნიკემ ორჭიდში მოგროვებული 372 კილოგრამით კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა.
ასევე, შესანიშნავად იასპარეზა მიხეილ ადამიამაც. ძალოსანმა ატაცში 151 / 157 / 162 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა! ადამიამ აკვრაში თავი 190 / 195 / 201 კილოგრამს გაართვა და კვლავ ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, იგივე სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 363 კილოგრამითაც.