იამაიკის ქალთა ნაკრების საოცარი ამბავი | გუნდი, რომელმაც ბრაზილია ჯგუფში ჩატოვა
Aa
Aa

იამაიკის ქალთა ნაკრების საოცარი ამბავი | გუნდი, რომელმაც ბრაზილია ჯგუფში ჩატოვა

ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და დღეს უდიდესი სენსაცია ვიხილეთ. ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი, ბრაზილიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, მერვედფინალში კი იამაიკა ითამაშებს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, მუნდიალზე წასასვლელი ფულიც კი არ ჰქონდა.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ბრაზილიისა და იამაიკის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სამხრეთ ამერიკელებს გამარჯვება ესაჭიროებოდათ, მაგრამ შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე, 0:0 დასრულდა და იამაიკამ 5 ქულა დააგროვა, რაც მეორე ადგილის დასაკავებლად და პლეიოფში საკუთარ ისტორიაში პირველად გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

 

იამაიკის ქალთა ნაკრებს საოცარი ისტორია აქვს. 2016 წელს, იამაიკის ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა გუნდი დაშალა, რადგან მის დასაფინანსებლად საჭირო რესურსი არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, იამაიკელებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მაინც მოიპოვეს და მუნდიალზე ითამაშეს. მათ ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა წააგეს, მაგრამ ხალხის გულები მოიგეს.

იგივე ვითარება იყო, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე. ფედერაციის პრეზიდენტის, მაიკლ რიკეტსის თქმით, ისინი ვერ ახერხებდნენ, მუნდიალისთვის ქალთა ნაკრების მოსამზადებელი პერიოდი, შემდგომში კი მასპინძელ ქვეყნებში გამგზავრება დაეფინანსებინათ. ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელის, ჰავანა სოლაუნის დედამ, სანდრა ფილიფს-ბრაუერმა გადაწყვიტა, რაღაც ეღონა და დასახმარებლად რიგით მოქალაქეებს მიმართა. მან GoFundMe-ზე (ვებგვერდი, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ქველმოქმედება გაიღონ და სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს დაეხმარონ) გვერდი შექმნა და ხალხის შემოწირულებებით, 50 000 აშშ დოლარი შეაგროვა.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მალევე, GoFundMe-ზე კიდევ ერთი გვერდი შეიქმნა, რომელმაც 46 000 აშშ დოლარი ააგროვა და ხალხის დაფინანსების წყალობით, იამაიკელი გოგონების მსოფლიოზე თამაში შესაძლებელი გახდა. მათ მოსამზადებელი კემპი გაიარეს, მუნდიალის მასპინძელ ქვეყანაში გაემგზავრნენ და დღეს ბრაზილია ჯგუფში ჩატოვეს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები