პსჟ-მა გადახალისებული შემადგენლობით მონპელიეს მოუგო | ენრიკემ კვარა დაასვენა
ლიგა 1-ის 33-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იცავს, „მონპელიეს“ ესტუმრა და 4:1 გაიმარჯვა, ხვიჩა კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ლუის ენრიკემ გუნდი მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით გაიყვანა, ლიდერებს კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ დასვენების საშუალება მიეცა.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ზაირ-ემერის პასის შემდეგ სენი მაიულუმ გახსნა. 49-ე წუთზე გონსალუ რამუშმა პარიზელთა მეორე გოლი გაიტანა, 59-ე წუთზე კი დეზირე დუეს მიერ მოპოვებული პენალტი გამოიყენა და დუბლი გაიფორმა. 64-ე წუთზე კულიბალიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მალევე რამუშმა ლამაზი შორეული დარტყმით ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა ლიგა 1-ის ჩემპიონობა რამდენიმე ტურის წინ გაიფორმა, უახლოეს კვირებში კი კიდევ ორი ტიტულის მოგება შეუძლია. 24 მაისს კვარას გუნდი საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ შეხვდება, 31 მაისს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ლიგა 1-ის დასკვნით ტურს, ის 17 მაისს გაიმართება, პსჟ-ის მეტოქე კი „ოსერი“ იქნება.