საქართველოს დრამატული მარცხი - შენგელიას ბრწყინვალე პერფორმანსი
კალათბურთში ლიეტუვის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები 104:102 დაამარცხა.
2017 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ნაკრებმა 100-ზე მეტი ქულა ჩააგდო.
პირველი მეოთხედი ლიეტუვამ 25:17 მოიგო, მეორე მეოთხედი - 26:19, მესამე მეოთხედი 31:29. ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა, თამაშის შემოტრიალების რეალური შანსი ჰქონდა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა - 102:102, თუმცა საბოლოოდ ლიეტუვამ 104-102 მოიგო. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო მეოთხედი ილიას ზუროსის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო - 22:37.
ორივე გუნდის მოთამაშეთა შორის ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 32:34 წუთში 30 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 7 პასი შეასრულა. შენგელიას გარდა საქართველოს ნაკრების მხრიდან შედეგიანობით სანდრო მამუკელაშვილი (19 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი), მაკფადენი (18 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი) და გიორგი შერმადინი (18 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი) გამოირჩეოდნენ.
ილიას ზუროსმა სასტარტო 5-ეულში შემდეგი კალათბურთელები ათამაშა: მამუკელაშვილი, მაკფადენი, შენგელია (კ), შერმადინი, ცინცაძე (10:10 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი).
მათ გარდა შეხვედრაში მონაწილეობა დუდა სანაძემ (21:06 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი), კახა ჯინჭარაძემ (12:01 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა) და ბექა ბექაურმა (2:29 წუთი) მიიღეს.
შეგახსენებთ, ლიეტუვასთან შეხვედრამდე საქართველომ ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩი 76:81 დათმო. საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე მეტი ქულა დუდა სანაძემ ჩააგდო (17), მას მოჰყვებიან სანდრო მამუკელაშვილი (12) და გიორგი შერმადინი (8). ამ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას არ უთამაშია.აღნიშნული შეხვედრა დახურული იყო, ამხანაგური შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი არ განხორციელებულა.
5 აგვისტოს საქართველოს ნაკრები რიგაში ლატვიას შეხვდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ფოტო