ტრანსფერი არ გამოვიდა | ბუდუ სამხრეთ კორეულ კლუბში არ გადავა
საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე სამხრეთ კორეაში არ გადავა. ბოლო დღეების განმავლობაში იწერებოდა, რომ მისით სამხრეთ კორეული კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ როგორც გაირკვა, გარიგება არ შედგება.
Crystalsport-ის ინფორმაციით, ზივზივაძის საკუთარ რიგებში ხილვა „ჯეონბუკს“ სურდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ, სამხრეთ კორეულმა კლუბმა ბუდუს გადაბირებაზე უარი თქვა და ამ ეტაპზე, ზივზივაძე „კარლსრუეში“ რჩება.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზამთარში ზივზივაძე „მოლ ფეჰერვარიდან“ „კარლსრუეში“ 200 000 ევროდ გადავიდა, მეორე ბუნდესლიგის 10 შეხვედრაში ითამაშა (მხოლოდ ორი მატჩი სასტარტოში), 1 გოლი „კაიზერს“ გაუტანა.
29 წლის ქართველი ფორვარდი „კარლსრუეს“ სათამაშო სქემას კარგად ვერ მოერგო, რადგან აიხნერის გუნდი საკმაოდ ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდა, შემტევი სტილის ფეხბურთელებსაც კი მეტწილად ორთაბრძოლებში შესვლა უხდებოდათ, მეტოქის ნახევარზე 2-3 პასის ზუსტად შესრულებაც პრობლემა იყო და აქედან გამომდინარე ნახევარმცველები ფორვარდებს საგოლე შანსებს ვერ უქმნიდნენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს