Aa Aa
26 სექტემბერი 2017  |  16:25

მატჩის წინ - ნაპოლი VS ფეიენოორდი

G ჯგუფის მეორე მატჩი ნეაპოლში, „სან პაოლოზე“ ჩატარდება, სადაც „ნაპოლი“ როტერდამის „ფეიენოორდს“ მიიღებს.

სეზონის სტარტზე „ნაპოლი“ ბრწყინვალე ფორმაშია და თუკი „ჩემპიონთა ლიგაზე“ „შახტართან“ მარცხს არ ჩავთვლით, წინ უშეცდომოდ მიიწევს.

მაურისიო სარის ბიჭები იტალიის ჩემპიონატში 100%-იანი შედეგით არიან და ლიდერობას „იუვენტუსთან“ იყოფენ.

მათ კარგ ფორმაზე ისიც მიუთითებს, რომ წამყვანი 5 ჩემპიონატის მასშტაბით „ნაპოლის“ 6 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. სამხრეთელებმა სერია A-ს ეგიდით 22 გოლი შეაგდეს და საინტერესოა, რომ მათგან 15 მეორე ტაიმებში გაიტანეს.

სამხრეთელებს უქმეებზე „სპალთან“ გასვლაზე საკმაოდ გაუჭირდათ, თუმცა 3:2 მაინც მოიგეს. გოლები ინსინიემ, კალიეხონმა და გულამმა მიითვალეს.

იტალიელები „სპალთან“ მატჩისას დაშავებულ არკადიუშ მილიკს ვერ დაიხმარენ, რომელიც გუნდს დაახლოებით 4 თვით გამოაკლდა. საეჭვოა ვლად კირიკეშის თამაშიც.

მაურისიო სარი (ნაპოლი): „სიმართლე გითხრათ მეცინება, როცა „აიაქსს“ უძლიერეს ოპონენტად მიიჩნევენ, ხოლო „ფეიენოორდს“ ასეთად არ თვლიან. ფაქტია, რომ გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონობა მათ მოიპოვეს.

მათ რამდენიმე ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც 2-3 წელიწადში გაცილებით ცნობილები და წარმატებულები იქნებიან.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი გულშემატკივრები საკუთარი თამაშის ჩვენებაში დაგვეხმარებიან“.

„ფეიენოორდი“ „ჩემპიონთა ლიგას“ 15 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. თუმცა პირველ ტურში „სიტისთან“ უშანსოდ 0:4-ზე განადგურდა. თუკი როტერდამელებს შემდეგი ეტაპის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელება სურთ, ეს თამაში არ უნდა წააგონ.

ჯიოვანი ვან ბრონხორსტის გუნდი გასულ უქმეებზე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაციის მონაწილე გახდა. იგი საკუთარ მოედანზე „ბრედასთან“ 0:2 დამარცხდა და კარგ ხასიათზე ვერ იქნება.

ჰოლანდიელებს ამ თამაშში თავიანთი ლიდერის ნიკოლაი იორგენსენის, კენეტ ვერმეერისა და ერიკ ბოტეგინის იმედი ვერ ექნებათ.

ჯიოვანი ვან ბრონხორსტი (ფეიენოორდი): „ნაპოლის“ აქტიური პრესინგის თამაში კარგად გამოსდის. ამიტომ, ბურთს უნდა მოვუფრთხილდეთ და რისკი ნაკლებად გავწიოთ.

ჩვენ საკუთარ შანსებს მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ - ეს თამაშის უმნიშვნელოვანესი ასპექტი იქნება.

მომწონს მაურისიო სარის ფორმაციის „ნაპოლის“ სათამაშო სტილი. ისინი ბურთს კარგად აკონტროლებენ და ბევრი გოლი გააქვთ. მათ მატჩებს მართლაც სიამოვნებით ვუყურებ და ვხედავ, რომ სარის ძალიან დიდი სამუშაო აქვს შესრულებული“.

შეხვედრას შოტლანდიელი უილიამ კოლამი იმსაჯებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები