ევრო U19
Aa
Aa

ფელიქსის ძმამ შეაგდო და გოლი მას მიუძღვნა | მალტაში ევრო U19 დაიწყო

მალტაში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი დაიწყო და A ჯგუფის ორი მატჩი გაიმართა. საქმეში ტურნირის თანაფავორიტები - პორტუგალია და იტალია ვიხილეთ.

4-გზის ჩემპიონმა პორტუგალიელებმა პოლონეთის ნაკრებთან თამაში კარგად გააკონტროლეს, მეტოქეს მომენტი არ შეაქმნევინეს და 2:0 მოიგეს. ანგარიში, უგო ფელიქსის პასით, „პორტუს“ მცველმა გაბრიელ ბრაშმა მე-4 წუთზე გახსნა, მეორე ნახევარში კი თავად ფელიქსმა შეაგდო.

უგო ფელიქსი ჟოაოს ძმაა და მასზე „ატლეტიკოს“ ვარსკვლავმა არაერთი ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავისზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიაჩნია. ჟოაო უგოს თამაშს ტრიბუნიდან უყურებდა და ძმისგან გოლის მიძღვნითაც დასაჩუქრდა.

Sofascore-ისა და Flashscore-ს ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ უგო ფელიქსი გახდა. პირველმა მათგანმა 19 წლის შემტევს 8.3 დაუწერა, მეორემ - 8.5. Sofascore-მა გოლის ავტორ მცველ ბრაშს 8.1 დაუწერა, მეკარე რიბეიროს კი - 7.1.

იტალიელებმა ტურნირის მასპინძელ მალტასთან, რომელიც დებიუტანტია, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან იოლად მოიგეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ თამაშში 4 პენალტი დაინიშნა და ოთხივე მალტელთა კარში. იტალიელთაგან ჩერ ნდურმა („ბენფიკა“), პიო ესპოზიტომ („ინტერი“) და სამუელე ვინიატომ („მონცა“) 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყეს, ლუკა დ’ანდრეამ („სასუოლო“) კი - ვერ შეაგდო. სამაგიეროდ, იმავე დ’ანდრეამ ჯარიმის გათამაშების შემდეგ გაიტანა და „აძურინიმ“ საბოლოოდ 4:0 გაიმარჯვა.

Sofascore-მა იტალიელთაგან ყველაზე მაღალი შეფასებები შემტევ ნახევარმცველ ლორენცო ამატუჩის (8.2), მარცხენა მცველ და გუნდის კაპიტან ფილიპო მისორისა (7.9) და ფორვარდ ფრანჩესკო პიო ესპოზიტოს (7.8) დაუწერა.

ამ ჯგუფში მეორე ტურის მატჩები ხუთშაბათს, 6 ივლისს, ჩატარდება. 20:00 საათიდან 3-3-ქულიანი ლიდერები - პორტუგალია და იტალია ითამაშებენ, 23:15-დან კი მალტის ნაკრები პოლონეთს შეხვდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    4 ივლისის სატრანსფერო ზონა
    4 ივლისის სატრანსფერო ზონა