შიში, მენტალური მხარე და ოჯახის მნიშვნელობა | ილიას ინტერვიუ GQ-სთან
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია GQ-ს ესაუბრა. ინტერვიუ ძირითადად ცხოვრებისეულ საკითხებზე იყო აქცენტირებული და მისი მიზანი „ელ მატადორის“ სხვა რაკურსით წარმოჩენა გახლდათ.
არის თუ არა მენტალური მხარე მნიშვნელოვანი
„მენტალური მხარე უმნიშვნელოვანესია. როცა ვიღაცაზე ფსიქოლოგიურად და ემოციურად დომინირებ, შეგიძლია, ჩათვალო, რომ ჯიბეში გიზის და შენ გეკუთვნის. ჩემი მეტოქეების სისუსტეების შესწავლა მომწონს და იცით, როდის ნებდებიან? როცა ეჭვი უჩნდებათ. თუ მათ ეჭვი უჩნდებათ, ეს ნიშნავს, რომ უკვე დამარცხებულები არიან“.
ოჯახის მნიშვნელობა
„ოჯახი უმნიშვნელოვანესი რამაა. რთული ბავშვობა გვქონდა და 8 წლის ვიყავი, როცა ჩემს მშობლებს საქართველოს დატოვება მოუწიათ. ცხოვრებამ სხვა არჩევანი არ მოგვცა, შემდეგ კი MMA გამოჩნდა. სპორტდარბაზში შესვლის პირველი დღიდან მოყოლებული, ჩემს ცხოვრებაში სხვა არაფერი არსებობს. ჩემი მიზანია, საუკეთესო ვიყო და სხვა მომავალს უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ“.
რისი ეშინია
„შიშთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ვიცი, რომ ბუნებრივი ემოციაა და მას მეც განვიცდი. ერთს გეტყვით: თუ ბევრი დღე გავა ისე, რომ შიშს ვერ იგრძნობ, ეს ცუდის ნიშანია. არის შემთხვევები, როცა შიში გზას გიჩვენებს, საით წახვიდე“.
ოდესმე სიზარმაცეს გაუმარჯვია?
„არასდროს! არასდროს!“
რა მოხდება, როცა მარცხი მოვა?
„არაფერი. ცხოვრების მადლიერი ვარ. თუ ღმერთი ჩემს გეგმებს გაანადგურებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ გეგმების მიზანი ჩემი განადგურება გახლდათ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, იმის მომასწავებელია, რომ უკეთესი მომავალი მელოდება“.
ყოველდღიურობა
„ადამიანის ოთახი მის შინაგან სამყაროს ასახავს. როცა ვიღვიძებ, პირველი, რასაც ვაკეთებ, ჩემი ოთახის დალაგებაა. თუ ასე არ ვიზამ, ეს ნიშნავს, რომ ვერ განვაგებ პატარა კუთხეს, რომელიც ღმერთმა მიბოძა. თუ ასეა, სხვა კუთხეებთან რა გამომივა?“

ღალატის პატიება შეგიძლია?
„არა. დასაკარგი დრო არ მაქვს. ღალატი ერთადერთი ცოდვაა, რომელსაც არავის ვაპატიებ და მინდა, გარშემო ერთგული ადამიანები მყავდეს“.
როგორ გინდა, რომ ხალხს დაამახსოვრდე?
„პატიოსანი, პატივსაცემი და ერთგული ადამიანი. ნამდვილი ადამიანი! მინდა, ხალხს ჩემ მიმართ დადებითი ემოციები ჰქონდეს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურია მომდევნო ბრძოლას თბილისის დროით, 25 ივნისს გამართავს და ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს