დვალიშვილს აღარ დაელოდა | ჰენრი სეხუდოს მომდევნო მეტოქე ცნობილია
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, ჰენრი სეხუდოს მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია. „ტრიპელ სი“ ამბობდა, მერაბ დვალიშვილს დაელოდებოდა და მასთან იჩხუბებდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა.
UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის ინფორმაციით, სეხუდოს ოქტაგონზე UFC 292-ზე ვიხილავთ, რომელიც ბოსტონში, თბილისის დროით, 20 აგვისტოს გაიმართება. მისი მეტოქე მარლონ ვერა გახლავთ, რომელმაც ბოლო ბრძოლა კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
Henry Cejudo vs. Marlon ‘Chito’ Vera booked for UFC 292 in Boston https://t.co/ecvbT2w1MR pic.twitter.com/hzBlFvfXEV
— MMAFighting.com (@MMAFighting) June 20, 2023
მაისის შუა რიცხვებში, დვალიშვილს ნატკენ ხელზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპერაციის შემდეგ, მერაბს ვარჯიში 6 კვირით, ხოლო მარჯვენა ხელით დარტყმების განხორციელება 3 თვით აეკრძალა. სეხუდომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მერაბს დაელოდებოდა, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. სავარაუდოდ, „მანქანის“ მომდევნო მეტოქე ამ ბრძოლის გამარჯვებული იქნება და თუ გავითვალისწინებთ, რომ მოქმედი ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი შონ ომალისთან გასამართი ბრძოლის შემდეგ, წონითი დივიზიონის შეცვლას აპირებს, დიდი შანსია, მერაბი სატიტულო ჩხუბში ვიხილოთ.
ცნობისთვის, ვერა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში მე-6 პოზიციას იკავებს. „ჩიტოს“ კარიერაში 29 ბრძოლა გაუმართავს და მის ანგარიშზე 20 მოგებაა. სეხუდოს რაც შეეხება, „ტრიპელ სი“ მე-3 ადგილზეა და მის ანგარიშზე 16 მოგება და 3 წაგებაა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს