რომან დოლიძე, მარვინ ვეტორი
Aa
Aa

დოლიძე: „წლის ბოლოს ნომერ პირველი ვიქნები, ვეტორი დავამარცხე“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ The Schmo-ს ინტერვიუ მისცა. „კავკასიელმა“ მარვინ ვეტორისთან გამართული ჩხუბი გაიხსენა, განაცხადა, რომ UFC-ისგან რამდენიმე შეთავაზება მიიღო და დაასახელა ქართველი მებრძოლი, რომელიც სატიტულო ბრძოლას პირველი მიიღებს.

„წესითა და რიგით რეიტინგის მეოთხე ნომერი უნდა ვიყო, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი წინაა. UFC-იმ რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზა, მაგრამ სამშობლოში ვიყავი და იქ ნორმალურად ვერ ვივარჯიშებდი, რის გამოც, უარის თქმა მომიწია. ოქტაგონზე შემოდგომამდე დავბრუნდები და ვნახოთ, ჩემი მეტოქე ვინ იქნება. შეთავაზებები მაქვს და მოწინააღმდეგეების პასუხებს ველოდებით.

მარვინ ვეტორისთან ბრძოლას რაც შეეხება, მეგონა, რომ ვიგებდი და გრეპლინგზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი. ახლაც ვფიქრობ, რომ ვეტორი დავამარცხე. მარვინის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ის კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩემი აზრით, გავიმარჯვე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მარვინი წინ ვერ მიდიოდა, ზეწოლას ვერ ახორციელებდა და დაცვაში იყო, თუმცა ახლა ვერაფერს შევცვლით. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 2023 წლის ბოლოს ნომერ პირველი პრეტენდენტი ვიქნები. ჩემი მიზანი სწორედ ესაა და აქ ზუსტად ამიტომ ვიმყოფები. ჩხუბი ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, მეტის გაკეთება შემიძლია. ალბათ, სჯობს, გრეპლინგი უფრო ხშირად გამოვიყენო და თეიქდაუნების ინიციატორი მე ვიყო.

ქართველი მებრძოლები UFC-ში ბრწყინვალედ გამოვიყურებით და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში MMA ყველას უყვარს და ყველა ძალიან კარგად გვიცნობს. UFC-ში 5 ქართველი ვართ და 4 ტოპ 10-ში ვიმყოფებით. გურამ ქუთათელაძე, რომელიც ათეულში არაა, იქ ყოფნას აუცილებლად იმსახურებს. ვინ იქნება UFC-ის პირველი ჩემპიონი? მერაბი მიზანთან ძალიან ახლოსაა და ვფიქრობ, პირველი ქართველი იქნება, ვინც ტიტულისთვის იჩხუბებს“.

შეგახსენებთ, რომ რომანმა ბოლო ბრძოლა მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ძალიან საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა. ერთმა არბიტრმა მარვინს სამივე რაუნდი მისცა, დანარჩენმა ორმა - 2-2. მნიშვნელოვან დარტყმებს რაც შეეხება, ვეტორის 106 დარტყმა ჰქონდა, დოლიძეს - 71.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეც რიგითი გულშემატკივარი ვიქნები“ - ხვიჩა U21-ის ევროპაზე არ ითამაშებს
„მეც რიგითი გულშემატკივარი ვიქნები“ - ხვიჩა U21-ის ევროპაზე არ ითამაშებს