მატჩის წინ | მანჩესტერ სიტი VS ინტერი
Aa
Aa

მატჩის წინ | მანჩესტერ სიტი VS ინტერი

2022/23 წლების საფეხბურთო სეზონის კულმინაცია ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელშიც საუკეთესოს ვინაობას „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ გაარკვევენ. „ქალაქელები“ სანუკვარ მიზანთან ასე ახლოს მეორედ არიან და ყველაფერს გააკეთებენ, რათა „ჩელსისთან“ მომხდარი თავიდან აირიდონ. მატჩს სტამბულში მდებარე ათათურქის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და სასტარტო ნიშანს თბილისის დროით, 23:00-ზე გავიგონებთ.

„სიტიმ“ სეზონი ფენომენალურად დაასრულა და პრემიერ ლიგის ბოლო 15 თამაშიდან 12 მოიგო. „ქალაქელები“ ჩემპიონები 5-ქულიანი უპირატესობით გახდნენ და 3 ივნისს, ასოციაციის თასიც მოიგეს. პეპ გუარდიოლას ბიჭები „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდნენ და ილქაი გიუნდოგანის დუბლით 2:1 იმარჯვეს. „სიტის“ ისტორიული შანსი აქვს და ტრებლის გაფორმება შეუძლია. თუ „ქალაქელებმა“ „ინტერი“ დაამარცხეს, ევროპულ ფეხბურთში მე-10 შემთხვევა იქნება, როცა კლუბი ერთ სეზონში 3 ტიტულს მოიგებს.

ფინალურ შეხვედრას კარგი განწყობით ხვდება „ინტერი“. „ნერაძურიმ“ სეზონი 10-დან 9 მოგებული მატჩით დაასრულა და სერია A-ს 2022/23 წლების სეზონი მე-3 ადგილზე ჩაამთავრა. „ინტერმა“ კოპა იტალიის ფინალში „ფიორენტინას“ სძლია და დუბლის გაფორმების შანსი აქვს. საინტერესოა, რომ „ნერაძური“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-4 გუნდია, რომელმაც ტურნირზე გამართული პირველი მატჩი წააგო, მაგრამ ფინალში მაინც გავიდა.

რა თქვა ინძაგიმ მატჩის წინ

„ვიცით, როგორი ფეხბურთის თამაში დაგვჭირდება. სიტი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ეს წაგებულ მატჩებშიც დაამტკიცეს. ვამაყობთ, რომ ფინალში ვასპარეზობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყოთ და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის მიმდინარე სეზონში 57-ე იქნება. გრძელი გზა გამოვიარეთ, რომლის დროსაც დამსახურებული და დაუმსახურებელი წაგებები ვიწვნიეთ. რთული მომენტების წყალობით გავიზარდეთ. მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გარეშე დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდით, მაგრამ ბიჭებმა ძალები მოიკრიბეს და გიჟური თავდადების დამსახურებით, ფინალურ შეხვედრამდე მოვედით. ბოლომდე ბრძოლაზე ვართ კონცენტრირებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. ინტერს ისტორიის დაწერის შანსი აქვს.

რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ. აქ ერთად მოვედით და ფინალშიც ერთ მუშტად შეკრული ვითამაშებთ. ვიცით, სიტი და ჰოლანდი რა ძლიერები არიან. ერლინგის შესაჩერებლად რაღაც გვაქვს მომზადებული, მაგრამ მთელი სიტის წინააღმდეგ უნდა დავიცვათ თავი. ქალაქელები დაცვაში კარგად თამაშობენ, ბრწყინვალედ უტევენ და სწორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ“.

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის წინ

„ინტერს შეუძლია, შეტევები, როგორც ცენტრალური ნაწილიდან, ისე ფლანგებიდან წარმართოს და ასეთი გუნდების გაკონტროლება ძნელია. თუ მათთან პირისპირ დარჩები, გაგანადგურებენ. გამომდინარე აქედან, ვეცდებით, თავი, რაც შეიძლება, კარგად დავიცვათ და მაღალ დონეზე ვითამაშოთ.

ჩელსისთან წაგებული ფინალისგან მიღებული გაკვეთილი? საერთოდ სხვა თამაშზეა საუბარი. ორი წელიწადი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. ვგეგმავდით, რომ ჩელსისთან კარგი მატჩი გვქონოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ხვალინდელ შეხვედრასაც იგივე გეგმებით ვხვდებით. მზად ვართ, ფეხბურთელებს კარგი განწყობა აქვთ და ინტერის ხარისხსს პატივს სცემენ. ფავორიტის სტატუსი? ეს უმნიშვნელოა. მთავარია ხვალ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ის, რაც წარსულში იყო, იქ დარჩა და ვეცდებით, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და გამარჯვება ვიზეიმოთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება ოცნებაა. რაღაც დიადის მისაღწევად, საჭიროა, მისით ცოტათი შეპყრობილი იყო. ამ ვითარებაში, სიტყვა „შეპყრობილი“ დადებით კონტექსტში გამოიყენება და ამ ოცნებით შეპყრობილი ვარ.

ინტერის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი? მათი სათამაშო ფილოსოფია. ყველა პროცესი, რომლებსაც ისინი წარმართავენ, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე, გამორჩეულია. მათ აქვთ უნარი, ექსტრა პასი გააკეთონ და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რათა უფრო ეფექტური ვიყოთ. რა რჩევას მივცემდი ახალგაზრდა სპეციალისტებს? კარგი ფეხბურთელები გყავდეთ. წარსულში მესი მყავდა, ახლა - ჰოლანდი. ესაა ჩემი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი“.

ფინალამდე გავლილი გზა

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, „სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა „ლაიპციგთან“ დაიწყო, რომელიც ორი მატჩის ჯამში, 8:1 გაანადგურა. მეოთხედფინალში, „ქალაქელებს“ ბევრად რთული გამოწვევის დაძლევა მოუწიათ და „ბაიერნს“ აჯობეს - 3:0, 1:1. „რეკორდმაისტერის“ შემდეგ იყო ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, „რეალი“. პეპ გუარდიოლას ბიჭებმა სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშეს, საკუთარ კედლებში კი მადრიდელები 4:0 გაანადგურეს.

ფინალამდე მარტივი გზა არც „ინტერს“ ჰქონია. „ნერაძურიმ“ მერვედფინალში „პორტუს“ უაღრესად დრამატულ ბრძოლაში სძლია და ორი მატჩის ჯამში, 1:0 მოიგო. „შავ-ლურჯებმა“ მეოთხედფინალში „ბენფიკას“ ბარიერი დაძლიეს, 2:0, 3:3, ხოლო ნახევარფინალში ასპარეზობას მოსისხლე მტერი, „მილანი“ გამოთიშეს - 2:0, 1:0.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, რუბენ დიაში, აკე, სტოუნსი, როდრი, ბერნარდუ სილვა, დე ბრუინი, გიუნდოგანი, გრილიში, ჰოლანდი.

ინტერი: ონანა, დარმიანი, აჩერბი, ბასტონი, დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო, ლაუტარო, ჯეკო.

ისტორია

ეს გუნდები ერთმანეთს ოფიციალურად პირველად ხვდებიან. ცნობილი სტატისტიკური სააგენტო, Opta „სიტის“ გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევს და თვლის, რომ „ქალაქელების“ ძირითად დროში მოგების შანსი 64.6 პროცენტია, ხოლო თასის აღმართვის - 74.1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სირცხვილია, აიაქსს ჩემთვის უნდა მოესმინა“ - სვარტმა ხვიჩაზე ისაუბრა
„სირცხვილია, აიაქსს ჩემთვის უნდა მოესმინა“ - სვარტმა ხვიჩაზე ისაუბრა